თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ქართველ სამხედროებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დახვდნენ.
32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა.
ქართული ბატალიონის ფუნქციას ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა ფარვანის პროვინციის მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს და ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.