თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო, იუწყება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პრესსამსახური.
"პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა", — აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას "თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ იმდენივე სკა, რამდენიც უკვე აქვთ საკუთრებაში (არაუმეტეს 100 სკისა), ერთი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
იმ კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% —ის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) დღეს გამოცხადდა და 5 მაისამდე გაგრძელდება.