„მევენახეებისთვის ეს იმით არის საინტერესო, რომ თუ დღეს ისინი შემოსავალს მხოლოდ ყურძნისგან იღებენ, პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში სარგებელს უკვე ღვინისგანაც ნახავენ. ეს მათთვის უკვე დამატებითი შემოსავალია. გარდა ამისა, მათ არც იმის პრობლემა ექნებათ, თუ სად და რომელ ქარხანაში ჩააბარონ ყურძენი“, — განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს; კოოპერატივს ან მეპაიეებს საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, ვაზის შემდეგი ჯიშებით: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული). პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.