თბილისი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

© FB / Фестиваль хоровой музыкиგუნდი დირიჟორთან ერთად
გუნდი დირიჟორთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა თავი მოუყარა აკადემიურ და საბავშვო გუნდებს საქართველოდან, ასევე პროფესიულ კოლექტივებს მოლდოვიდან და ესტონეთიდან.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ. ფესტივალი საქართველოში მეშვიდედ იმართება.

ფესტივალი გუშინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი "რაფსოდია" მოლდავეთიდან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი, აღნიშნულია ფესტივალის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“:  ორგანიზატორები - Sputnik საქართველო
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“: სტუმრებს საინტერესო პროგრამა ელით

ქართულ საგუნდო მუსიკას წარმოადგენენ: ქალთა გუნდები გორიდან და ბათუმიდან, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.

ფესტივალის კონცერტებში ასევე მონაწილეობენ თბილისის ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდი "მძლევარი", ანსამბლი "რენესანსი", რუსთავის კამერული გუნდი, თელავის ქალთა გუნდი "კახეთის ჰანგები", თბილისის გოგონათა გუნდი, გუნდი "ბაროკო",ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა" და სხვა.

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება 2017 წლის 27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია "ნიკოლოზ ბარათაშვილი" სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიისა და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია არჩილ უშვერიძე.

ფესტივალი იმართება ყოველ წელს გაზაფხულზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით (ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი).

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას გაეცანით ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0