ინსპექტორებს - მწვანე შუქი: თბილისელებს ქალაქში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ

გამოწერა
ქვეითი ინსპექტორები, რომლებიც ქალაქის სისუფთავეს გააკონტროლებენ, აღჭურვილი პლანშეტებით და სამხრე კამერებით.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დღეიდან მუშაობას შეუდგნენ — ისინი ქალაქში სისუფთავის დაცვას გააკონტროლებენ და კანონდამრღვევებს დააჯარიმებენ, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინსპექტორები თბილისის ქუჩებში პირველად 3 აპრილს გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და მოქალაქეებს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ. ამასთან, თუ ვინმე ნაგავს ძირს დაყრიდა, დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.

ელენე ლუხუტაშვილის ნახატები - Sputnik საქართველო
თბილისში „ნაგვისგან“ შექმნილ სურათებს გამოფენენ

„ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ — სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით — პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები", — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ჯარიმებს,  2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500 ლარით ჯარიმდება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის —1000 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0