Tbilisi Fashion Week–ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა–ზამთარი 2017–ის კოლექციებს წარმოადგენენ, თბილისში 19–23 აპრილს ჩატარდება. კვირეულის ყველა მთავარი მოვლენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება.
გახსნის ცერემონია თბილისის ღვინის №1 ქარხნის სივრცეში ჩატარდა. შოუს ორგანიზატორებმა გააცოცხლეს სცენები კინომიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები", ასევე მოტივები სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი".
„ძალიან საინტერესო ტრადიციას ეყრება საფუძველი – გახსნის პირველი დღე დაეთმობა ქართული კულტურის ლეგენდებს და დღევანდელი პერფორმანსი და ის ინსტალაციები, რომელსაც ხედავთ, სოფიკო ჭიაურელს ეძღვნება“, – განაცხადა გახსნაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
პერფორმანსების გარდა, მაყურებელს წარუდგინეს მსახიობის პირადი ნივთები: ტანსაცმელი, აქსესუარები, თავსაბურავები და საკერავი მანქანაც კი, რომლითაც სტილის ქართველი სახე თვითონ იკერავდა სამოსს.
Tbilisi Fashion Week–ის გახსნას ესწრებოდნენ კულტურისა და შოუბიზნესის ცნობილი მოღვაწეები – ტელეწამყვანები, მსახიობები, მომღერლები, პროდიუსერები და დიზაინერები, ასევე პირველი პირები, რომელთა შორის გამოჩნდა ასევე ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.
„რაც დრო გადის, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი მით უფრო საინტერესო ხდება. ხომ არის, რომ რაღაცნაირად ცვდება შექმნილი პერსონაჟები, მე მგონია, რომ აქ დრო პირიქით, უფრო მეტად გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანი იყო მუდმივად თანამედროვე ყველა პერიოდში“, – აღნიშნა ჩიჩუამ.
თბილისის მოდის კვირეულის გეგმებსა და თავის ემოციებზე ჟურნალისტებთან საღამოს მასპინძელმა – Tbilisi Fashion Week–ის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემაც ისაუბრა.
„მოდის კვირეულის განმავლობაში ვიხილავთ ქართველი დიზაინერების კოსტიუმების კოლექციების ჩვენებებს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩამოსული, ძალიან მნიშვნელოვანი პრესა არის ჩამოსული თბილისის მოდის კვირეულის და ქართველი დიზაინერების შემოქმედების გასაშუქებლად. ძალიან მიხარია, რომ ინტერესიძალიან გაიზარდა“, – განაცხადა თაკო ჩხეიძემ.
წელს Tbilisi Fashion Week–ის მონაწილეები არიან ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერები და ბრენდები, როგორიცაა მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, Woyoyo, ელენე გიორგაძე, Ethere Accesoires, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვები.
მოდის კვირეულზე კვლავ გაიმართება უკრაინული ბრენდის Lara Quint და ლონდონის ZDDZ ჩვენებები, რომლებიც მრავალი დედაქალაქის მოდის კვირეულებს ამშვენებენ. Tbilisi Fashion Week–ს გააშუქებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა VOGUE (იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი), Elle (რუსეთი, უკრაინა), Harper's BAZAAR (აშშ), Marie Claire (საფრანგეთი, მონაკო), OFFICIEL (უკრაინა) და სხვები.
თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერებს ელოდებიან, როგორებიცაა Harvey Nichols (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (თელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.
გარდა ამისა, წელს Tbilisi Fashion Week-ზე ახალი პროექტი TALK-ი დაიწყება, რომელიც ქართულ სარეკლამო ონლაინ-გამოცემა Marketer.ge-სთან თანამშრომლობით ჩატარდება. ამ პროექტის ფარგლებში 20 აპრილს თემაზე "ბრენდინგი და კომუნიკაციები" დისკუსიას ჩაატარებენ მარანგონის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, რომელიც მოდისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა.
თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) ტრადიციისამებრ, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.