თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე 20 მაისს ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith-ი გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
Aerosmith —ის კონცერტს არამარტო ქართველი, არამედ როკ-ჯგუფის თაყვანისმცემლები დაესწრებიან რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. როკ-მუსიკოსები ხომ პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ კონცერტის ბილეთები 25 თებერვალს რამდენიმე საათში გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა ამ დღეს პორტალებზე tkt.ge და biletebi.ge დილის 9 საათზე დაიწყო და მომენტალურად შეიქმნა დიდი ვირტუალური რიგი.
საქართველოში Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყებოდა, მაქსიმალური — 400 ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთების შეძენის მსურველი ბევრი იყო და ამასთან, ბილეთების რაოდენობაც შეზღუდული იყო, ბევრმა ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა.
როგორც აღმოჩნდა, ბილეთების ნაწილი გადამყიდველებმა შეიძინეს და ამ ეტაპზე სწორედ ისინი სთავაზობენ მსურველებს კონცერტის ბილეთებს, რა თქმა უნდა, მაღალ ფასში. მათი წინადადებებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება ღონისძიების Facebook-გვერდზე პოსტებსა და კომენტარებშია შესაძლებელი.
ორგანიზატორთა თქმით, ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.
საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ტურნე ისრაელიდან იწყება. შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.
Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია.
ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი“.