სახელმწიფო პროექტს Check in Georgia მთლიანად არ დააფინანსებს

გამოწერა
Aerosmith-ის კონცერტი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ბოლო ღონისძიება იქნება, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. Aerosmith-ის კონცერტის შემდეგ, რომელიც შეკვეთილში 20 მაისს გაიმართება, პროექტი Check in Georgia მთლიანად სახელმწიფოს მიერ აღარ დაფინანსდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პროექტზე Check in Georgia 2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30,2 მლნ ლარი გამოიყო. სულ გასულ წელს პროექტის ფარგლებში ჩატარდა 65 კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. „აეროსმიტის“ კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო", — განაცხადა გახარიამ, რომლის კომენტარები სამინისტროს Facebook-გვერდზეა განთავსებული.

ცვლილებების გამო კონცერტების პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სტივენ ტაილერი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული „აეროსმიტი“ იშლება

„Aerosmith-ის კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს. აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებული იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული", — განაცხადა გვახარიამ.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად ღონისძიებების რაოდენობაზე ეს არ აისახება.

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2016 წელს საქართველოში გაიმართა ისეთი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები, როგორებიც არიან რობი უილიამსი, ხოსე კარერასი, ეროს რამაზოტი, Maroon 5, The Prodigy.

ყველა ახალი ამბავი
0