თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქართველი კინორეჟისორის შორენა თევზაძის ფილმი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" შვეიცარიაში დოკუმენტური კინოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის Visions Du Réel საკონკურსო პროგრამის მონაწილე გახდა.
კინოფესტივალი ჟენევის გარეუბან ნიონში 21–29 აპრილს ჩატარდება.
პროგრამაში ქართველი რეჟისორის ფილმთან ერთად შესულია შვეიცარიელი, ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, პორტუგალიელი, ნორვეგიელი, უნგრელი, სლოვენიელი, პოლონელი, ესტონელი, უკრაინელი, სამხრეთ აფრიკელი და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.
დოკუმენტური ფირი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" მოგვითხრობს 65 წლის ნიკოზე, რომელიც მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერინარული აფთიაქისა და სამეურნეო მაღაზიის მფლობელია. თავის მეუღლე ციცინოსთან, მეგობრებთან – ნოდართან და ლილისთან ერთად ის ცხოვრების უმეტეს ნაწილს პოეზიაზე, მუსიკასა და ოცნებებზე მსჯელობაში თავის მაღაზიაში ატარებს.
ეს ადგილი ავტობუსებსა და მატარებლებს შორისაა მოქცეული და ყოველდღიურად ნიკოს მაღაზიას ასეულობით მგზავრი სტუმრობს, სადაც თითქოსდა დრო გაჩერებულია. ოდესღაც "დიდუბე" თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური იყო. როგორც ადრე, ახლაც "დიდუბის" გაჩერებაზე ადამიანები ცოტა ხნით ჩერდებიან და მერე ყველა თავისი გზით განაგრძობს სიარულს.
ფილმი შექმნილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს.
შვეიცარიაში შორენა თევზაძის სურათის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ქართული პრემიერა კი წელს გაიმართება თბილისის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე CineDOC-Tbilisi.
Visions Du Réel – ერთ–ერთი უძველესი და ავტორიტეტული ფესტივალია ევროპაში. ის 1969 წელს დაარსდა და ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დოკუმენტური კინემატოგრაფიული შემოქმედება.
კინოფესტივალი Visions Du Réel ევროპელ მაყურებელს ყოველწლიურად აცნობს ახალ დოკუმენტურ ფილმებს საინტერესო და კრეატიული რეჟისორული ხედვითა და ნოვატორული ჩანაფიქრით. ფესტივალთან მუშაობს კინობაზარი, სადაც კინორეჟისორები და პროდიუსერები კონტაქტებს ამყარებენ ერთმანეთთან.
შვეიცარიის კინოფესტივალზე გასულ წელს ქართული კინემატოგრაფია უკვე აღინიშნა – სალომე ჯაშის "დაისის მიზიდულობამ" მიიღო პრიზი "საუკეთესო ახალი ფილმისთვის".