თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქართულმა დრამამ "სხვისი სახლი" პრესტიჟული რუსული ეროვნული კინოპრემია "ნიკა" მიიღო — რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის სურათი დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმად აღიარეს.
"ნიკას" ოცდამეათე, საიუბილეო კინოპრემიის დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში გუშინ გაიმართა.
დრამა "სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.
პრემიის ტრიუმფატორი გახდა ანდრეი კონჩალოვსკის სურათი Рай ("სამოთხე"). მან მიიღო პრიზები სამ მთავარ ნომინაციაში — "საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო რეჟისორი" და "ქალის საუკეთესო როლი".
ფილმი "სხვისი სახლი" რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. ამის შემდეგ დრამა მსოფლიოს რამდენიმე ფესტივალის პრიზიორი გახდა.
2016 წელს ფილმი VI სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე Край света და ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ექსტრაორდინარული კინოს" ნომინაციაში დაჯილდოვდა.
ქართველი რეჟისორის ფილმი ასევე წარდგენილი იყო "ოსკარის" პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", თუმცა "ოსკარის" შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.
ფილმის ბოლო გამარჯვება გასულ თვეში აღინიშნა — ის ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემიით დაჯილდოვდა.