საქართველოში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გამოცხადდა

© photo: Sputnikქართველი სამხედროები ვაზიანში
ქართველი სამხედროები ვაზიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკრუტობის მსურველებს საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი კურსის გავლა მოუწევთ.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გამოაცხადა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რეკრუტები შეიძლება გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. საკონტრაქტო სამსახურში მიიღებიან ასევე რეზერვში მყოფი რიგითები, კაპრალები, სერჟანები (მიჩმანები), რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება.

რეკრუტობის მსურველი ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2017 წლის 5 ივნისიდან.

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა აღადგინეს

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტები შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში განაწილდებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე ათი კვირის განმავლობაში რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლება და მომზადებას გაივლის სამხედრო დისციპლინებში: ტაქტიკური და სამხედრო-საინჟინრო მომზადება, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა, ფიზიკური მომზადება, სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა), საერთო საჯარისო წესდებები და სამხედრო კანონები.

მომავალი სამხედრო მოსამსახურეები ასევე გაივლიან სამწყობრო და საცეცხლე მომზადებას, დაეუფლებიან ცოდნას კავშირგაბმულობისა და სამხედრო ტოპოგრაფიის კუთხით.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ, რომელიც გაიზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით და მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0