თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის მარტში ამ ქვეყნიდან 38,3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 26,4%-ით მეტია მიმდინარე წლის თებერვლის თვესთან შედარებით და 27,7%-ით მეტია 2016 წლის მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარტის თვეში ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 31% რუსეთის წილზე მოდის.
მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 112 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 23,5 %-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27,1%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა პირველ სამ თვეში 95,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.