თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ Insigh–თან ერთად ნიუ–იორკის უდიდესი კულტურული ცენტრის – ლეგენდარული ლინკოლნ–ცენტრის სცენაზე 21 აპრილს გამოვა.
შემდეგი კონცერტი ფილადელფიაში 23 აპრილს, JCC Klein Theatre–ში გაიმართება. ქათამაძე ამერიკის ერთ–ერთ უძველეს ქალაქში მუსიკოს, პიანისტ და კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გამოვა.
„ნინო ქათამაძე & Insight – ესაა მუსიკის რთული, ჭკვიანური და ველური სტილი, რომელიც ადამიანური ცხოვრების ფილოსოფიურ აღწერას წარმოადგენს. ზოგი ამბობს, რომ ნინო ქათამაძის გაგება საჭირო არ არის, მისი მუსიკა უნდა შეისუნთქო დიდი დოზით, როგორც მარტოობის შხამსაწინააღმდეგო საშუალება, სტრესის საწინააღმდეგო პანაცეა, აგრესიისა და სკეპტიციზმის საწინააღმდეგო წამალი“, – აღნიშნ ულია ფილადელფიაში დაგეგმილი კონცერტის ანონსში.
ნინო ქათამაძემ ახლახან დაასრულა დიდი ტური რუსეთის ქალაქებში. ის წარმატებით გამოვიდა ირკუტსკში, კრასნოიარსკში, ომსკში, ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში, ტიუმენსა და სურგუტში.
ამერიკული გასტროლების შემდეგ ქათამაძეს დაგეგმილი აქვს გამოსვლა მოსკოვში ფესტივალზე „Усадьба Jazz“ (2017 წლის 1 ივლისს). მაისში ის კუნძულ კვიპროსს ეწვევა, იმავე თვეში – ოდესას, ხერსონსა და კიევს, ხოლო ივნისში – ბაქოს.
ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.
პროფესიული კარიერა ჯგუფ "ინსაითთან" ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვა.
ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.