თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ცნობილი შოტლანდიური როკ–ჯგუფი Nazareth-ი, Judas Priest–ის ყოფილი მონაწილე, ამერიკელი როკ–მუსიკოსი ტომ ოუენსი და Rainbow–ს ყოფილი წევრი, შოტლანდიელი დუგი უაიტი ბათუმში მსმენელის წინაშე აპრილის ბოლოს წარდგებიან.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ბათუმში მუსიკალური ფესტივალის European Spring Sound ფარგლებში გამოვლენ. ფესტივალი 21–25 აპრილს მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება.
ლეგენდარული როკ–მუსიკოსები ბათუმში პირველად არ გამოდიან. 2016 წლის ივლისში ამავე სცენაზე ქართველი მსმენელისთვის უკრავდნენ Nazareth–ის როკ–ვოკალისტი დენა მაჯჯაფერტი, დუგი უაიტი და ტიმოტი ოუენსი. მაშინ ვარსკვლავებთან ერთად გამოვიდნენ ქართველი შემსრულებლები – ნიკო და გიორგი ბერიძეები, აჩიკო გოგიტიძე, ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.
ფესტივალი ქართული ფოლკლორის საღამოთი გაიხსნება. მსმენელი მოისმენს პერფორმანსებს აჭარული, აფხაზური, ლაზური და ოსური ხალხური შემოქმედებიდან. გარდა ამისა, გამოვლენ ანსამბლები: „ხორუმი“, „მხედრული“, „ათძალი“, „ელესა“, „ფესვები“, „ბერმუხა“ და სხვა.
ფესტივალის სხვა მონაწილეთა შორისაა პოპულარული უკრაინული მუსიკალური პროექტი Luiku.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის ოპერეტის თეატრი უნგრელი კომპოზიტორის, იმრე კალმანის ყველაზე პოპულარული ოპერეტით „ჩარდაშის დედოფალი“.
კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუსიკალური ცენტრის სალაროებსა და ონლაინ – ვებ–გვერდზე biletebi.ge.
კონცერტების დეტალური განრიგი განთავსებულია ღონისძიების Facebook–გვერდზე.
მუსიკალური ფესტივალი European Spring Sound-ი აჭარის მთავრობის ინციატივით ხორციელდება, რათა სანაპიროზე ტრისტული სეზონი ადრე გაიხსნას.