თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ლეგენდარული როკ-ჯგუფის Aerosmith-ის კონცერტზე ჩამოვლენ ტურისტები რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ნათქვამია საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს Facebook-გვრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.
„Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი“, — ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.
რამდენიმე საათში ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ორგანიზატორთა თქმით, ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.
საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის. ტურნე ისრაელიდან იწყება. შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. როკ-მუსიკოსები პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ.
Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია.