თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. "Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმების წინააღმდეგია. ამას ახალი ამბების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, 68,2%–მა უპასუხა, რომ მხარს არ უჭერს, ამ ინიციატივას ეთანხმება 18,2%, ხოლო პასუხის გაცემა გაუჭირდა 13,6%–ს.
მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას ემხრობა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში პარტიამ კონსტიტუციაში შესწორებების საკუთარი ვარიანტი წარადგინა და ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინადადებით გამოვიდა. პროექტის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს.
საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში — 2016 წლის დეკემბრის ბოლოს შეუდგა. საკონსტიტუციო კომისიაში 73 ადამიანი შევიდა — ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შესწორებების საბოლოო პროექტი 30 აპრილამდე უნდა შემუშავდეს.
შემდეგ საკანონმდებლო ორგანო შესწორებებს საყოველთაო განხილვაზე გამოიტანს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტში დაბრუნდება და მისი განხილვა კომიტეტებში დაიწყება.