თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ინდოეთის ტამილნადის შტატში ხარების მოთვინიერების ტრადიციულ თამაშებზე სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით კი – დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Hindustan Times–ზე დაყრდნობით.
თამაშები გუშინ დასახლებულ პუნქტ პუდურში გაიმართა. ორივე დაღუპული მაყურებელი იყო: ერთი გამძვინვარებული ხარისგან მიყენებული ტრავმებისგან დაიღუპა, ხოლო მეორე – გულის შეტევით, როდესაც ბარიერს მიღმა მდგარმა მისკენ გამოქცეული ხარი დაინახა.
კიდევ დაშავდა 80 ადამიანი – ძირითადად შეჯიბრების მონაწილე. ზოგიერთს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ზოგს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. კიდევ ხუთი ადამიანი შეჯიბრების მონაწილე გუნდებს შორის დაპირისპირებისას დაშავდა, როდესაც ჟიურიმ გამარჯვებული არასწორად გამოაცხადა. არეულობისას დაზიანდა ასევე საპრიზო მოტოციკლები.
ხარების მოთვინიერება ტამილნადის შტატში ტრადიციული გასართობია. ხარს პირდაპირ ხალხში უშვებენ. მონაწილეები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. მათ უნდა გააჩერონ ხარი, მაგალითად, მისი აღკაზმვით. მეტი სანახაობრიობისთვის ხშირად ხარებს თვალებში წიწაკას აყრიან, რაც მათ კიდევ უფრო აგრესიულს ხდის.
თამაშები, როგორც წესი, იანვარში იმართება, წელს კი უზენაესმა სასამართლომ ხარების მოთვინიერება აკრძალა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მასობრივი პროტესტის ფონზე კანონმდებლობაში შესწორებების შეტანით, ამ აკრძალვას წარმატებით აუარა გვერდი.