თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველო რაც უფრო მეტ ქვეყანსათან მიაღწევს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, მით უფრო შეუწყობს ამით ხელს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მიაჩნია ეკონომისტ გიორგი პაპავას.
„დიდი ქვეყნისთვის შეიძლება ღირდეს კიდეც რაღაც ინდუსტრიის დაცვა, რომელსაც მსოფლიო ბაზართან შედარებით დიდი წილი უკავია ამ ქვეყანაში. პატარა ქვეყნის შემთხვევაში კი რაც უფრო მეტ ქვეყანასთან იქნება თავისუფალი ვაჭრობა, მით უფრო წაადგება ადგილობრივი წარმოების გაანვითარებას“, — განუცხადა გიორგი პაპავამ „Sputnik-საქართველოს“.
ეკონომისტის თქმით, თავისუფალი ვაჭრობა დიდ ქვეყნებთან ადგილობროვ მწარმოებლებს იმ პროდუქტების პოვნაშც დაეხმარებათ, რომელშიც მათ აქვთ კონკურენტული უპირატესობა, მოუხსნის მათ დამატებითი დაბრკოლებებს უცხოურ ბაზრებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი.
ეკონომისტის თქმით, მართალია ინდოეთზე ჯერ შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს მხრიდან შეზღუდვები ისედაც არ არსებობს. შესაბამისად, რაც უფრო გახსნილი იქნება ქართული პროდუქციისთვის ჩინეთისა თუ ინდოეთის ბაზრები, მით უკეთესი იქნება ეს ადგილობრივი წარმოებისთვის ექსპორტის ზრდის კუთხით.
„მსგავსი შეთანხმებები დიდსა და პატარა ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ძირითადად უფრო პატარა ქვეყნებს ადგება მნიშვნელოვნად, ვიდრე დიდ ქვეყნებს“, — მიაჩნია გიორგი პაპავას.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს. საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისუფალ ვაჭრობაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგთანაც. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთში 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენების ჩამონათვალშიც კი მოხვდა.