თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ, რომელიც Alfa Romeo Giulietta-თი გამოდიოდა GE-Force-ს გუნდის შემადგენლობაში, ვერ შეძლო მიეღწია ბაჰრეინში გამართული TCR-ის სერიის რბოლის მეორე ეტაპის ფინიშისთვის, იუწყება შეჯიბრების ოფიციალური ვებგვერდი.
ფინიშამდე ერთი წრე იყო დარჩენილი, როდესაც ქაჯაიამ სტეფანო კომინისა და ატილა ტაშის გადაუსწრო და მეექვსე პოზიციაზე გავიდა. სწორედ ამ დროს ქართველი მრბოლელის მანქანიდან ბოლი ავარდა და ქაჯაია იძულებული გახდა, შეეწყვიტა რბოლა.
შეჯიბრების გამარჯვებული დავით ქაჯაიას თანაგუნდელი და პარტნიორი სერბი დუშან ბორკოვიჩი გახდა. მეორე და მესამე ადგილები ბრიტანელმა ჯეიმს ნაშმა და ფრანგმა ეგო ვალენტემ გაინაწილეს.
ბაჰრეინში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, დავით ქაჯაიამ, რომელმაც რუსთავში ჩატარებული რბოლის პირველი ეტაპი მოიგო, საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა 39 ქულით.
TC-ის მესამე ეტაპი ბელგიაში ჩატარდება 4-6 მაისს.