თბილისი, 16 აპრილი-Sputnik. დავით სააკაშვილს — საქართველოს ექს-პრეზიდენტის ძმას — უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლება ჩამოერთვა, მიხეილ სააკაშვილის facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Украины.
„გუშინ გავიგე, რომ ჩემს ძმას უკრაინაში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს და ვალდებულია უკრაინა დატოვოს“- ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მის მომხრე ბიზნესმენებს ავიწროებენ, ოლიგარქებს კი არაფერს უშლიან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2016 წლის ნოემბერში ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის უუნარობაში დაადანაშაულა, ხოლო პრეზიდენტ პოროშენკოს დამნაშავე „კლანების“ ლობირებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით მან საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნა და ცდილობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს.