1966 წლის 9 აპრილს ვატიკანმა გააუქმა „Index Librorum Prohibitorum“- ანუ აკრძალული წიგნებისა და გამოცემების სია, რომელიც ძალაში იყო ლამის 4 საუკუნის მანძილზე. პირველი ოფიციალური ინდექსი 1559 წელს რომში გამოსცა პაპმა პავლე მეოთხემ, რომელსაც მანამდე უმაღლესი ინკვიზიტორის თანამდებობა ეკავა. აკრძალვა ეხებოდა როგორც რელიგიურ, ისე საერო თემებზე გამოცემულ წიგნებს. 4 საუკუნის მანძილზე სია 32-ჯერ განახლდა, აქედან 12-ჯერ მეოცე(!) საუკუნეში. 1948 წელს გამოცემულ ბოლო ინდექსში 4000-მდე დასახელების წიგნი და ავტორი იყო შეტანილი. მათ შორის: ვოლტერი, სპინოზა, დეკარტე, ლაფონტენი, ბალზაკი, მორელი, ზოლა და სხვები.
1934 წლის 11 აპრილს გენტში (ბელგია) მდებარე ტაძრიდან ჰოლანდიელი ძმების იან და გურტ ეიკების ცნობილი შედევრის „გენტის ამბიონის“ ერთ-ერთი ნაწილი მოიპარეს. მოგვიანებით, გამტაცებლებმა ხელისუფლებისგან სურათის დაბრუნების საფასურად მილიონი ფრანკი მოითხოვეს. მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა, ქურდები თანხის შემცირებას არ თანხმდებოდნენ და დაიმუქრენ თუ ფულს სრულად არ გადაგვიხდით სურათს გავანადგურებთო. სამწუხაროდ მათ მუქარას პასუხი არ მოჰყოლია. მას შემდეგ ვან ეიკების ეს შედევრი აღარავის უნახავს.
1865 წლის 14 აპრილს ვაშინგტონში, ფორდის თეტრში, მსახიობმა ჯონ უილკ ბუტმა რევოლვერიდან თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა ამერიკის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი. საინტერესოა, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მოკლეს ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტი ჯონ კენედი. ამ ორ მოვლენას შორის დაკვირვებულმა ადამიანებმა უცნაური დამთხვევები აღმოაჩინეს. ორივე პოლიტიკურ ინტრიგას ემსხვერპლა. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1847 წელს, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1860 წელს. კენედიმ იგივე გზა გაიარა, ოღონდ 100 წლის შემდეგ-კონგრესმენი 1947 წლიდან, პრეზიდენტი 1960 წლიდან. ლინკოლნის მდივანი გვარად იყო კენედი, ხოლო კენედის მდივანი ლინკოლნი. ორივეს გარდაცვალების შემდეგ საპრეზიდენტო ფიცი დადეს ჯონსონებმა. ენდრიუმ პირველ შემთხვევაში და ლინდონმა მეორე. ამ ჯონსონების დაბადების თარიღებიც უცნაურად გამოიყურება- ენდრიუ დაიბადა 1808 წელს, ხოლო ლინდონი 1908 წელს ანუ ზუსტად 100 წლის შემდეგ. ორივე პრეზიდენტი პარასკევ დღეს მოკლეს, ორივეს კეფაში მოხვდა ტყვია, ლინკოლნს თავს დაესხნენ ფორდის თეატრში, ხოლო კენედი სწორედ ფორდის მარკის ავტომობილში იჯდა. ლინკოლნის მკვლელი ბუტი დაიბადა 1839 წელს, კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი 1939 წელს. აქაც სხვაობა ზუსტად ერთი საუკუნეა. ორივე მკვლელი მოკლე ხანში სიცოცხლეს გამოასალმეს. ორივე პრეზიდენტის გვარი 7 ასოსგან შედგება, ხოლო ორივე მკვლელის სრული გვარ-სახელი 15 ასოსგან.
რა თქმა უნდა ვიღაც იტყვის ამას რა მნიშვნელობა აქვსო და ალბათ დავეთანხმები, მართლაც არაფერი, უბრალოდ საინტერესოა და თქვენს სამსჯავროზეც ამიტომ გამოვიტანე.