თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთს დასავლურ კოალიციასთან გაერთიანება შესთავაზა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ბრიტანელი მინისტრის ეს განცხადება გაზეთ The Telegraph-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია შეუერთდეს კოალიციაში შემავალ 60 სახელმწიფოს, რათა ერთობლივად ვებრძოლოთ „ისლამურ სახელმწიფოს“, პერსპექტივაში ეს დაეხმარება უფრო პროდუქტიული გახდეს პრეზიდენტ ტრამპთან მისი ურთიერთობა.
მისი აზრით „არანაირი ეჭვი არ არსებობს“, რომ ქიმიური შეტევა იდლიბზე განახორციელა ორმა სირიულმა თვითმფრინავმა, რომლებიც აფრინდნენ იმ ავიაბაზიდან სადაც ქიმიური იარაღი ინახება.
სირიაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ ჯონსონმა გააუქმა მოსკოვში ვიზიტი, იმ საბაბით, რომ პრიორიტეტულად მიაჩნდა G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის ჯეროვნად მომზადება.
აშშ და დიდი ბრიტანეთი სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ 4 აპრილს განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში, თუმცა სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნიათ. რუსეთი ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ობიექტური გამოძიება, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავმა ორგანიზაციამ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ.