ოთარ რამიშვილი – სიკვდილის შემდეგ მიძღვნილი წერილები

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ რამიშვილი
ოთარ რამიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ მინდა ჩემი ტრაფარეტული და გაცვეთილი შესავლით სიყვარულის ეს ჯადოსნური ისტორია გავაუფერულო. ამ ისტორიის მთავარი გმირი, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის, გიტარისტის და პოეტის, ოთარ რამიშვილის მეუღლე ქალბატონი გულნაზი რამიშვილი თავად მოგიყვებათ სიყვარულზე, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და დღესაც ლამაპარივით წინ მიუძღვის.

გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ სიყვარულის ისტორია, რომელზეც დღეს მოგიყვებით 48 წლის წინ, მარიამობა დღეს დაიწყო…

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ და გულნაზი რამიშვილები
ოთარ და გულნაზი რამიშვილები - Sputnik საქართველო
ოთარ და გულნაზი რამიშვილები

–წარმოშობით სამტრედიელი ვარ. ოთარი სტუმრად ყოფილა სამტრედიაში ნათესავთან, ალიკო მახარაძესთან. ქუჩაში გამივლია და ოთარს დავუნახივარ. ალეკო და ოთარი დამდევნებიან ჩუმად, მაგრამ მე ეს არ შემინიშნავს. მეორე დღეს წამოსულა თბილისში. შემდეგ წელს ისევ ჩამოვიდა სამტრედიაში. თურმე მთელი წელი ჩემზე ფიქრი არ ასვენებდა. მოხდა ისე, რომ ალიკოს დედა დაუახლოვდა დედაჩემს. ერთ დღესაც დედაჩემი არ იყო სახლში, როცა ალიკოს დედა მოვიდა ჩვენთან. სკოლის დირექტორი იყო ეს ქალი, იმხელა ხათრი და რიდი მქონდა ძლივს ვესალმებოდი. მოვიდა და მთხოვა, გულნაზი თბილისიდან სტუმრები მყავს და იქნებ გამომყვე და ჭადები დამაცხობინოო. ძალიან გამიკვირდა, თან მერიდებოდა, დირექტორი ქალის სახლში, მის სამზარეულოში როგორ უნდა მეტრიალა. არადა უარს ვერ ვეტყოდი. ავდექი და გავყევი. დავაცხვე კეცზე ჭადები, დავალაგე ერთმანეთზე. ამ დროს ოთარი გადის და გამოდის ოთახში. ძალიან შევიბოჭე, მერიდებოდა უცხო კაცის. ვფიქრობ გავიდეს, რას დადის წარამარა ოთახში მეთქი. ამასობაში გარეთ სუფრა გაშალეს, დასხდნენ სტუმრები და ამ ქალს ვეუბნები, ჟენია დეიდა საქმეს მოვრჩი და მე წავედი თქო. ამ დროს ოთარმა მომკიდა ხელი და მითხრა, ვერსად ვერ წახვალ, ჩემს გვერდზე დაჯდებიო. მისი სკამის გვერდზე იყო ცარიელი სკამო და იქ დამსვა… გალახული ბავშვივით, დარცხვენილი ვიჯექი. ეხლაც, რომ ვიხსენებ მგონია ისევ იქ ვზივარ.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ და გულნაზი რამიშვილები ფოტოებზე
ოთარ და გულნაზი რამიშვილები ფოტოებზე - Sputnik საქართველო
ოთარ და გულნაზი რამიშვილები ფოტოებზე

თავისი და და ბიძაშვილის ცოლი ჰყავდა ჩამოყვანილი. ორივეს ძალიან მოვწონებივარ. სამ დღეში მოხდა ჩვენი შეუღლება. 1969 წელის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს ვიქორწინეთ. ხომ დაუჯერებელი ამბავია სამ დღეში ქორწინება? 42 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ეს 42 წელი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი საჩუქარი იყო. მე ვიცხოვრე ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ცხოვრებით. ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ აისახა როგორც მასთან პირველი შეხვედრა, ისე მისი სიცოცხლის ბოლო ღამე, 5 ოქტომბერი… იმ ღამეს როცა დავკრძალეთ, სიზმრად მესტუმრა. ისეთი ცოცხალი სიზმარი იყო, რეალობა მეგონა. მოვიდა, თავისი სიმღერა მომიძღვნა:

„კოცნით ამოგიშრობ მაგ ცრემლიან თვალებს,

ჩაგიხუტებ მკერდში, დაგიმშვიდებ გულს,

პირველ სიყვარულზე უმღერიან მთვარეს,

იმ სიმღერის სწავლა შენთან ერთად მსურს".

წაიღიღინა ეს სიმღერა და წავიდა…

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ რამიშვილის კუთხე
ოთარ რამიშვილის კუთხე - Sputnik საქართველო
ოთარ რამიშვილის კუთხე

–შეგიძლიათ პირველი ლექსი გაიხსენოთ, რომელიც სიცოცხლეში მოგიძღვნათ?

–განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეს ლექსი. არაჩვეულებრივი მუსიკაც აქვს ამ ლექსს.

„გაზაფხულდა, გამოცოცხლდა ტყე, მინდვრები, მთები,

ყვავილებით გადაჭრელდა ბაღები და ზვრები,

მე პირველად მაშინ გნახე ჩემო პაწაწინა,

და ვინატრე შენს გულ–მკერდში, ერთხელ ჩამაძინა.

სურნელებით გაჟღენთილი ფეთქავს არე–მარე,

ჩვენ ერთმანეთს შევაბერდეთ, როგორც მზე და მთვარე,

მე პირველად მაშინ გნახე ჩემო პაწაწინა,

და ვინატრე შენს გულ–მკერდში ერთხელ ჩამაძინა“.

ხასიათით ძალიან მესაკუთრე იყო. არ უყვარდა როცა ვინმე ხელზე მაკოცებდა. მაშინვე ეტყოდა, არ არის საჭიროო.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ რამიშვილის გიტარა
ოთარ რამიშვილის გიტარა - Sputnik საქართველო
ოთარ რამიშვილის გიტარა

–ხომ არ ეჭვიანობდა?

–არ ვიცი რატომ, მაგრამ არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ჩემს ხელზე ეკოცნა. თუ ვინმე ღვინოს დამისხამდა, ან საცეკვაოდ გამიწვევდა, ეტყოდა, ჩემი ცოლი არ ეწევა, არც სვამს და არ ცეკვავსო.

ოთარი იყო პირველ რიგში არაჩვეულებრივი მოქალაქე, ასევე არაჩვეულებრივი შვილი, მეუღლე, მამა, მამამთილი, ბაბუა. მისგან ძალიან ბევრი კარგი რამე დამრჩა, მაგრამ იმედი დამეკარგა. იყო დრო, როცა გულში მემღერებოდა და ვმღეროდი, დღეს კი მეტირება და ვტირი. ოთარი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოთარი საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო, უაღრესად კეთილშობილი და თავმდაბალი ადამიანი.

ბატონი ოთარის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. იმ დღიდან მოყოლებული, ქალბატონი გულნაზი ჩანაწერებს აკეთებს და მოგონებები ფურცელზე გადააქვს. როგორც ქალბატონმა გულნაზმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ღამე არ გასულა, რომ ერთი ჩანაწერი მაინც არ გაეკეთებინოს.

–ოთარი, რომ დაიღუპა მაშინ დავიწყე ჩანაწერების გაკეთება. წელიწად ნახევრის შემდეგ, შეუძლოდ გავხდი. თავზე დამჭირდა ოპერაცია. ის პერიოდი რა თქმა უნდა წერა აღარ შემეძლო. რომ მოვმჯობინდი, ისევ დავიწყე წერა. ღამე მეღვიძება, ვდგები და ვწერ. შვიდი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ავადმყოფობის დღეებს, ყოველ დღე, ყოველ ღამე ვაკეთებდი ჩანაწერებს.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ და გულნაზი რამიშვილები
ოთარ და გულნაზი რამიშვილები - Sputnik საქართველო
ოთარ და გულნაზი რამიშვილები

ქალბატონ გულნაზის მოწიწებით ვთხოვე ერთ–ერთი ჩანაწერი ეთხოვებინა ჩემთვის. მინდოდა თქვენამდე მომეტნა ის განცდა და სიყვარულ, რასაც ქალბატონი გულნაზი განიცდის. გთავაზობთ მისი ჩანაწერების მოკლე ამონარიდებს:

„წარსულით იწყება ჩემი დღევანდელი ფიქრები, რომელსაც უსასრულობამდე მივყავარ. ერთ დროს სიხარულით მქონდა გული სავსე, თვალებიდან ჩაუქრობელი სხივი ანათებდა. დღეს კი თვალებთან ერთად გულიც ტირის, სული გეძებს ოცნებებში. ეს ფიქრები დაუკითხავად მოდის და ტვირთად მაწევს მხრებზე, მიჭირს მისი ტარება“.

„გამწარებული სულით, რომ მენატრები იცი რას ვშვრები? ვერ გაიგებ, მაგრამ მაინც გეტყვი… დავჯდები ტახტზე, ხელის თითებს მწარედ გადავისვამ თავზე, მერე ცერა თითებს მივიჭერ საფეთქლებზე, თითებს ჩავჭიდებ ერთმანეთს, მკლავებით დავეყრდნობი მაგიდას და თავს ღრმა ფიქრებს მივცემ. მაგონდება ყველა შენი მოძრაობა, ხმა, სახლში დაბრუნება, შინ შემოსვლის დროს ნათქვამი „დავბრუნდი გუგუ“… სიცოცხლეშიც სულ მენატრებოდი“.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძენახატი: ოთარ რამიშვილი თბილისის ფონზე
ნახატი: ოთარ რამიშვილი თბილისის ფონზე - Sputnik საქართველო
ნახატი: ოთარ რამიშვილი თბილისის ფონზე

„ისე მენატრები, რომ მონატრებისგან მთელი სხეული მეწვის. როცა ერთად ვიყავით, სახლიდან, რომ გახვიდოდი სულ საათებს და წუთებს ვითვლიდი, როდის დაბრუნდებოდი სახლში. დღეს კი წლებს და თვეებს ვითვლი თუ რამდენი ხანია არ მინახიხარ, რაც გულს მიკლავს და სულს მიმწარებს“.

„ჩემი სიყვარული გადავიდა მონატრების შიმშილში. ოთარი თურმე ჩემზე ერთი წელი ფიქრობდა, რომ მისი გავმხდარიყავი. ერთი წლის შემდეგ კი აისრულა სურვილი და გავხდი მისი. 41-მა წელმა გაუძლო ჩვენი ოჯახის უღელს. მე კი არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიფიქრო მასზე. მხოლოდ უფალმა იცის, როდის შევხვდებით ერთმანეთს. მონატრება ყოფილა, რაც ყოფილა. ჩემი სიყვარული მონატრებაში გადაიზარდა, რომელსაც მე დავარქვი მონატრების შიმშილი…"

 

ყველა ახალი ამბავი
0