თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულების შემდეგ მხატვრობის 2%–ის აღდგენა ვერ მოხერხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
„შეუძლებელი იყო იმ 2 %-ს შევხებოდით ისე, რომ რამე არ დაგვეზიანებინა და, ასე ვთქვათ, რამე შეუქცევადი პროცესები არ დაწყებულიყო“, — განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
მომდევნო ეტაპი კონსერვაციას ითვალისწინებს, რომლის შედეგად სპეციალისტების ვარაუდით, ფრესკებს იმაზე უკეთეს მდგომარეობამდე მიიყვანენ, ვიდრე ხანძრამდე იყო.
„ვფიქრობთ, რომ სამონასტრო ცხოვრება სრულფასოვნად გაგრძელდება მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ“, — აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 2016 წლის 1 ნოემბერს სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. მომხდარის შემდეგ ტაძარი დროებით დაიკეტა და დამთვალიერებლების შესვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია და ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.