უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 21 აპრილს ეწვევა

© photo: Sputnik / Виктор Толочко / გადასვლა მედიაბანკშიპაველ კლიმკინი
პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროები პოროშენკოსა და გროისმანის თბილისში ვიზიტს ამზადებენ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი საქართველოს 21 აპრილს ეწვევა, განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

უკრაინის პირველი დიპლომატი თბილისში ჩამოსვლას 17–18 მარტს გეგმავდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვიზიტი გადაიდო.

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 21 აპრილს ეწვევა. ვფიქრობ, ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება სხვა, მათ შორის უკრაინის პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტების დღის წესრიგი", – განაცხადა დოლგოვმა ტელეკომპანიასთან "Imedi" ინტერვიუში.

კლიმკინი და მისი კოლეგა მიხეილ ჯანელიძე იმსჯელებენ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ასევე პრემიერ–მინისტრის, ვლადიმირ გროისმანის ვიზიტის შესახებ საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
უკრაინის პრემიერი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის 1992 წლის 22 ივლისს დამყარდა.

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0