თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
„ექსპორტის გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება.
„რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი. მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“, — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).
ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე:
- ღვინო (62%);
- მინერალური წყალი (17%);
- სპირტიანი სასმელები (18%);
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (155%);
- ცხვრის ხორცი (121%);
- თევზის ცხიმი (449%);
- ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (69%);
- უალკოჰოლო სასმელები (47%);
- ხილ-ბოსტნეულის წვენები (110%);
- ცხვარი ცოცხალი (4%).
გარდა ამისა, გაზრდილი ექსპორტი შემდეგ პროდუქციაზე: სპილენძის მადნები (17%); ფეროშენადნობები (201%); მედიკამენტები (55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (343%); ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები — 48%).
2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა და 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მარტში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობები (67%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (50%), მედიკამენტები (24%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (67%).