ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ...

© FB/ National Centre of Manuscripts‎ქართული ენის სახელმძღვანელო "დედა ენა"
ქართული ენის სახელმძღვანელო დედა ენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი შესანიშნავი და ულამაზესი ქართული ენის დღეა, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ და, მით უმეტეს, ნუ გეწყინებათ, თუ ჩვენ აივანზე ერთ უკრაინელ ქალბატონს ამოვაბრძანებ — ჩემს დედას გალინა ნესტერენკოს, რადგან იშვიათად შემხვედრია ქართულ ენაზე ამდენად შეყვარებული ადამიანი.

საერთოდ, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ — ადამიანი სადაც ცხოვრობს, იმ ქვეყნის ენა უნდა ისწავლოს.

დედა საქართველოში 27 წლის ასაკში ჩამოვიდა და ქართული ენა ისე ისწავლა, რომ გალაკტიონის და ოთარ ჭილაძის ლექსები ზეპირად იცოდა, ხოლო თბილისში რუსულად პრინციპულად არავის ელაპარაკებოდა. ქართული ენის „შესამოწმებელ“ ფრაზას კი — "ბაყაყი წყალში ყიყინებს" – ისე ამაყად და ლამაზად ამბობდა, ყველა ქართველზე უფრო გამართულად…

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
დედაენის დღე საქართველოში: ქვეყანაში ფესტივალი ტარდება

ქართული ენის სწავლა ადვილი არ არის და, რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოსდიოდა, მაგრამ ისე უყვარდა საქართველო და იმდენად სცემდა პატივს, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებლად ჩათვალა.

როდესაც 7 წელი შემისრულდა, მამამ შესთავაზა — ლელა რუსულ სკოლაში შევიყვანოთ, უფრო ადვილად დაეხმარები გაკვეთილების მომზადებაშიო.

კატეგორიული უარი განაცხადა და პირველივე კლასიდან ჩემთან ერთად იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" სწავლობდა ქართულს.

ასე რომ, "აი ია" მე სულ ოდნავი უკრაინული აქცენტით მაქვს ნასწავლი.

სკოლის ყველა თემას "მიმოწმებდა" ხოლმე, თანაც ისე, თითქოს არ ეშლებოდა მხოლოდ ქართველებისთვის გასაგები განსხვავება მაგალითად "ც"-ს და "წ"-ს, "თ"-ს და "ტ"-ს და "ჩ"-ს და "ჭ"-ს შორის…

ამისთვის მომზადებული ჰქონდა "შესამოწმებელი" სიტყვები და ტელევიზიაში მუშაობისას, როცა სცენარებს ქართულად წერდა, მირეკავდა და ჩუმად (არავის რომ არ გაეგო, რომ ეშლებოდა) მეკითხებოდა — "ლელაჩკა, ეს რომელი "თ"-ა — "თბილისი", თუ "ტრამვაი"?

ქართულ ენას არაჩვეულებრივი ხიბლი აქვს – სხვანაირად თბილია და ჟღერადი. ალბათ ამიტომაც გვაქვს ასეთი განსაკუთრებულად ლამაზი სიმღერები.

ახლა კი დიდი სიამოვნებით და სიყვარულით მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი პოეტის ირაკლი აბაშიძის ლექსი ქართულ ენაზე, ისეთი ლექსი, ბოლომდე რომ გწვდება გულის ყველა კუნჭულში:

ჩემი დედიკო გამონაკლისი არ არის, ბევრს, ვინც კი თბილისში მართლა მთელი გულით ჩამოსულა, ქართული ენის ცოტა მაინც შესწავლის სურვილი გასჩენია.

საოცრად მიყვარს დიდი რუსი მომღერლის ივან კოზლოვსკის "აქცენტიანი" ქართული… უბრალოდ მოუსმინეთ მის დუეტს ჩვენ საყვარელ ბატონ ბათუ კრავეიშვილთან ერთად. როცა ასეთი სიყვარულია, აქცენტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს:

მახსოვს, ერთხელ ქართულში ორ საკონტროლოში ზედიზედ ოთხიანი მივიღე — გრამატიკაში (ჩემ დროს ორი ნიშანი იწერებოდა — ლიტერატურაში და გრამატიკაში) და ჩემმა უკრაინელმა დედამ ისეთმა გულდაწყვეტილმა მითხრა — "მართლა არ მესმის — ადამიანმა საკუთარი ენა ხუთიანზე როგორ არ უნდა იცოდეს?!"

მართალიც იყო, ალბათ, აბა, როგორ არ უნდა მცოდნოდა, ამერიკელებმა თუ ასე კარგად იციან?

და პატარა კორეელებმაც კი?

რუსი მგალობლები კი ასე გულიდან რომ გალობენ ქართულად…

ჯერ კიდევ დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა — "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია II-მ კი ბრძანა —

"უდიდესი საუნჯეა ჩვენი ქართული ენა! იგი უძველესი და უტკბესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი! როდის წარმოიშვა იგი? როდესაც ქართველი კაცი გაჩნდა ამქვეყნად, აი, მაშინ წარმოიშვა ქართული ენაც! ქართული ენა დიდებულია თავისი სიღრმით, თავისი ფილოსოფიური დატვირთვით, თავისი უძველესი ფორმებით!

ქართულმა ენამ გადაარჩინა ჩვენი ერი და ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მას ასევე მომავალშიც".

დიდმა ლადო ასათიანმა კი ქართულ ენას ეს შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა:

 

გისურვებთ ლაღ, ლამაზ და ძალიან ქართულ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0