თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი Georgia Open 2017 გაიმართება თბილისში 14-15 აპრილს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები რუსეთიდან და საქართველოდან, ამის შესახებ გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდი იტყობინება.
„მზიურის“ კორტებზე დაგეგმილ ტურნირს მხარს უჭერენ გორჩაკოვის ფონდი, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და სხვა ორგანიზაციები.
„როგორც ჩოგბურთის კორტებზე, ისე მის გარეთ ურთიერთობები ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების გამყარებას ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის“, — ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.
მატჩები ტარდება მამაკაცებისა და შერეული წყვილების თანრიგში Pro-Am ფორმატით, როცა ერთ კორტზე მოყვარულებთან ერთად გამოვლენ წარსულში ცნობილი პროფესიონალი მოთამაშეები — ქართული და რუსული ჩოგბურთის ვარსკვლავები.
შეჯიბრის საზეიმო გახსნა 14 აპრილს 10:30 საათზე შედგება. ამავე დღეს გაიმართება წინასწარი ჯგუფური ეტაპის თამაშები.
ფინალური მატჩები 15 აპრილს ჩატარდება.