თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოთქვა წუხილი აჟიოტაჟის გამო, რომელიც თეატრის მსახიობთა ხელფასებს უკავშირდება.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი, რომელიც, როგორც გავრცელდა, 400 ლარს შეადგენს. სპეკულაციების გასაქარწყლებლად, რომ სამინისტრო ოპტიმიზაციის ჩატარებას თითქოსდა სხვების ხარჯზე ცდილობს, გიორგაძემ განაცხადა, რომ თვითონ ცენტრალურ აპარატს ბიუჯეტი 20%-ით შეუმცირეს.
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ პრაქტიკულად 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა ზოგადად სისტემურ საკითხზე, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გასცდა ამბავი, როდესაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ 400 ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში", — განაცხადა გიორგაძემ.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ ყიფშიძე ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გადაცემის წამყვანია.
"ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა", — განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჟიოტაჟთან დაკავშირებით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 12 აპრილს უწყების სისტემაში შემავალ თეატრებში საშუალო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, თბილისის 12 თეატრში დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება 836 ლარს შეადგენს, ხოლო მსახიობების — 973 ლარს.
სხვა სურათი არის ქვეყნის რეგიონულ თეატრებში. 17 თეატრის თანამშრომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება 476 ლარს შეადგენს, ხოლო მსახიობების — 462 ლარს.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს თეატრების თანამშრომლებისა და მსახიობების ანაზღაურების შესახებ ხელმისაწვდომია კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე.