Rock and roll – იქანავე და დაგორდი... თანაც, ელვის პრესლისთან ერთად...

© AP Photoელვის პრესლი 1956 წელი
ელვის პრესლი 1956 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე განსაკუთრებით ხალისიანი ატმოსფერო ტრიალებს – ბროწეულის ხე ლამაზად და მოხდენილად ირხევა, მოაჯირები მოქნილად ქანაობენ, კიბეები ერთმანეთში იხლართებიან, რადგან სწორედ დღეს, 13 აპრილს როკ-ნ-როლის საერთაშორისო დღეა — World Rock-n-roll Day.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, მაგალითად, მშვენივრად მახსოვს ის დრო, ამ ცეკვას რომ ვასრულებდი ახალგაზრდული ენთუზიაზმითა და შემართებით.

დღესაც ვეცადე რამდენიმე ილეთის შესრულებას, მაგრამ… 55 წლის ასაკში ქალები, ალბათ, ნელი ვალსის ცეკვაზე უნდა გადავიდნენ ხოლმე.

თანაც უზომოდ ვიყავი შეყვარებული შეუდარებელ ელვის პრესლიზე, რომელიც, ბუნებრივია, დღეს ჩვენი აივნის მთავარი და საპატიო სტუმარია.

თანაც, იცით, გარეგნობის გარდა რა კაცია…

დედისთვის დაბადების დღეზე საჩუქრის გაკეთება რომ გადაწყვიტა, სულ 5 დოლარი ედო ჯიბეში.

შევიდა პატარა ჩამწერ სტუდიაში Sun და 4 დოლარად 2 სიმღერა ჩაწერა, რომელთაგან ერთს ერქვა "ყველაფერი კარგად არის, დედა".

დაახლოებით ერთ წელიწადში ელვისი ისევ ესტუმრა სტუდიას. მოჰქონდა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები – ბლიუზები, ბალადები, როკ-ნ-როლი… მისი ხმა აფროამერიკელების ხმას ჰგავდა და სულ ცოტა ხანში ელვისმა მთელი ამერიკა დაიპყრო. მართალია, ვიქტორიანული დიასახლისები აკრიტიკებდნენ ელვისის ქცევას სცენაზე, განსაკუთრებით, თეძოების ქნევას და მანიპულაციებს მიკროფონთან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როცა მათი შვილები არ უყურებდნენ, თვითონაც სიამოვნებით ჰყვებოდნენ საოცრად მომხიბვლელ და შეუდარებლად "თეთრკოსტიუმიან" სასწაულად ხულიგნურ ელვისს… 

პატარა ჩამწერ სტუდიაში მისვლიდან სამი წლის შემდეგ ელვისი უკვე ჰოლივუდის ფილმებში მთავარ როლებს ასრულებდა. 1956 წლიდან 1969 წლამდე ის 33 ფილმში გადაიღეს. სხვათა შორის, თავისი ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ელვის პრესლიმ 1958-1960 წლებში სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ულამაზესი პრისცილა…

ნუ, რატომ ქრება და სად მიფრინავენ ხოლმე ასეთი სიყვარულები?..

სამწუხაროდ, ისინი დასცილდნენ ერთმანეთს და ელვისმა მთელი თავისი ქონება ერთადერთ ქალიშვილს ლიზ-მარი პრესლის უანდერძა, რომელიც ელვის პრელისავით შესანიშნავ და, სავარაუდოდ, ძალიან "გაუგებარ" მაიკ ჯექსონს გაჰყვა ცოლად.

1967 წელს ელვისმა თავისი პირველი Grammy მიიღო. სულ სამჯერ გახდა მისი ლაურეატი, თუმცა 14-ჯერ იყო მასზე ნომინირებული. ელვისს საოცრად უყვარდა ძაღლები და ცხენები. ის სიამოვნებით ჩუქნიდა მეგობრებს ახალ მანქანებს. ერთხელ ერთ-ერთ ჟურნალისტს მისი შემოქმედების შეფასების თხოვნაზე უბრალოდ ასე უპასუხა: "ვიღაცას ტაქტში ფეხით დაბაკუნება შეუძლია, ვიღაცას თითების კასტელიეტებივით გატკაცუნება, ვიღაცას აქეთ-იქით ლამაზი რხევა, მე კი ავიღე და ეს ყველაფერი ერთდროულად გავაკეთე და… მეტი არაფერი".

ბევრმა არც იცის

რომ ელვისს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა ჯესი გარონი, რომელიც დაიბადა ელვისამდე 35 წუთით ადრე და მეორე დღეს გარდაიცვალა.

რომ მან თავისი პირველი გიტარა საჩუქრად მიიღო მშობლებისგან და სულაც არ გახარებია, რადგან ველოსიპედზე ოცნებობდა, რომელიც, თურმე, გიტარაზე ძვირი ღირდა.

რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ბუტერბროდი არაქისის ზეთით და ბეკონით, თაფლით და ბანანით, თანაც ტაფაზე ოქროსფრამდე შემწვარი.

რომ ის მემფისის კინოთეატრიდან გააგდეს იმის გულისთვის, რომ უფასოდ ურიგებდა კანფეტებს მომხიბვლელ ქალბატონებს.

მაგრამ დღეს ამას, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს ხომ როკ-ნ-როლის საერთაშორისო დღეა და როკ-ნ-როლის მეფე ელვის პრესლი უბრალოდ მღერის და როკ-ნ-როლობს… მაგრამ გულში მაინც…

გისურვებთ ლამაზ, მხირულ და ელვის პრესლივით მაინც ცოტა დაფიქრებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0