დღეს ჩვენ აივანზე განსაკუთრებით ამაყი და წელში გამართული გამოვდივარ, არც ქარების მეშინია და არც ქარიშხლების, რადგან დღეს გვესტუმრება ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელიც ტკივილამდე მენატრება და მიყვარს — ზურაბ ანჯაფარიძე… და შესანიშნავი რევაზ ლაღიძის ისეთ სიმღერას იმღერებს, დარწმუნებული ვარ, მეც, თქვენც და თბილისსაც რომ გაუხარდება:
ზურაბი დაიბადა ზუსტად ამ გაზაფხულიან დღეს — 1928 წლის 12 აპრილს ქალაქ ქუთაისში, პოლკოვნიკ ივანე ანჯაფარიძის და არაჩვეულებრივი ალექსანდრა ბარათაშვილის ოჯახში. ჩემი ბაბუა, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ჰყვებიან, თავად ნიკოლოზ მეორის დაცვაში მუშაობდა და ამის გამო დახვრიტესო. მაგრამ ალე ბებიაზე უფრო კეთილშობილი, კეთილგანწყობილი, ნიჭიერი და ტოლერანტული ადამიანი არსად და არასდროს არ შემხვედრია. ის 29 წლის იყო, როცა დაქვრივდა და მარტომ გაზარდა ორი შვილი — ჩემი მამა ჯემალი და ბიძია ზურაბი. მერე კიდევ ორივეს ამ ქვეყნიდან წასვლა გადაიტანა, თითქმის ზედიზედ, და კიდევ ჩვენ გვამხნევებდა.
პირველი, რაზეც მინდა დღეს ზურიკოს გახსენებისას მოვყვე, არის ის საოცარი სიყვარული და პატივისცემა, რაც მას დედის მიმართ გააჩნდა. 60 წლის ასაკშიც კი, ერთი საათით რომ იგვიანებდა, ალექსანდრას ურეკავდა პატარა ბიჭივით. ერთხელ ცხოვრებაში ბებია გავაბრაზე, მართლაც სულ ერთხელ, და ზურიკომ ასე მითხრა — ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ მე ამ ქვეყანაზე სულ ერთი დედა მყავს და კიდევ ერთხელ თუ გულს ატკენ, იცოდე, დამკარგავო…
ზურიკოზე რომ მეკითხებიან, როგორი იყოო, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს — „მზესავით თბილი“… და კიდევ საოცარი ღიმილის პატრონი, ისეთის, მთელ დედამიწაზე სხვას არავის რომ არ ჰქონდა.
მთელი ცხოვრება ვამაყობდი იმით, ასეთი ზურიკო რომ მყავდა. მახსოვს, დიდ თეატრში პარტერში ვიჯექი სულ პატარა და „პიკის ქალი“ რომ დასრულდა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და 40 წუთის განმავლობაში (გინდ დაიჯერეთ და გინდ… მაინც დაიჯერეთ) ტაშს უკრავდა და სკანდირებდა — Зу-ри-ко! მე კიდევ ყველასთან მივრბოდი და ამაყად ვეუბნებოდი — Это правда мой дядя!
ზურიკოს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მის სახლში სულ წარმოდგენები იმართებოდა — ზურიკო და მე ალე ბებიას ხან უჯრებში საგულდაგულოდ დამალულ „ბამბანერკებს“ ვპარავდით, ხან ტორტებს დიდი კოვზებით კრემებს ვაცლიდით და გოჭებს — შემწვარ კანს. მერე კიდევ უხერხულად გაშიშვლებულ გოჭებს ქათქათა პირსახოცს ვაფარებდით, სტუმრების მოსვლამდე.
ამ „ხუმრობების“ დროს ყველაზე მეტად ჩემი უკრაინელი და „ნაივნი“ დედიკო — გალიჩკა იჩაგრებოდა. ზურიკო ყოველ საღამოს გვირეკავდა ხოლმე — ამოდით სტუმრადო და, გეფიცებით, უკან მანქანით წაგიყვანთო. დედაც მიამიტად და დაუღლელად უჯერებდა. ავდიოდით, გვართობდა, გვაცინებდა და მერე ისე მოხერხებულად იპარებოდა ხოლმე საძინებელში, რომ სახლში ავტობუსით დაბრუნება გვიხდებოდა…
ერთხელ ზურიკოს ძმაკაცურად ვთხოვე — ხვალ საკონტროლო მაქვს, ქართულში სამი ხუთიანი მაქვს მიღებული და, გეხვეწები, შემთხვევით ოთხიანს ნუ მიმაღებინებ, იქნებ დედიკოს სთხოვო, რომ არ გამიშვას სკოლაში და თქვენთან დავრჩეთ ღამე–მეთქი. სთხოვა, მაგრამ დედამ — არაო, უნდა წავიდეს სკოლაში და დაწეროს საკონტროლო, რასაც მიიღებს, ის ნიშანი უნდა გამოყვეს მეოთხედშიო. დედა საშინლად წესიერი და პრინციპული იყო.
ჰოდა, ზურიკო გაიპარა საძინებელში. ზამთარი იყო. რომ მოსაღამოვდა, დედა ადგა, ბებიას გამოემშვიდობა და… ერთი ცალი ჩექმა ვერ იპოვა. მთელი ღამე ეძებდნენ. დილით დედა ზურიკოს ჩაეხუტა და — მართლა არ გაგიბრაზდები, უბრალოდ მითხარი სად დამალეო. ზურიკოს, თურმე, ის ჩექმა გალიჩკას ჩანთაში ჩაუკუჭია.
ზურიკოს წონასთან დაკავშირებით „პატარა“ პრობლემები რომ ჰქონდა, სულ ერთად ვდიეტობდით ხოლმე. თუ რამე დიეტა არსებობდა — „კოსმონავტების“, „კრემლის“, „სამსაათიანი“ და ა.შ. ყველაფერი მაქვს მასთან ერთად გამოვლილი. კუს ტბაზეც დავდიოდით — იოგაზე… მე ვვარჯიშობდი გამწარებული, ზურიკო კიდევ საბანს შლიდა ჩრდილში და იძინებდა. თან მანამდე მეუბნებოდა — შენი ხნის რომ ვიყავი, შენზე უფრო გამხდარი ვიყავი და ასე დამნაშავესავით ნუ მიყურებო.
არადა, მართლა იყო ჩემზე გამხდარი.
ზურიკოსთან დაკავშირებით უამრავი ისტორია მახსოვს, რომელიც ამ წერილში კი არა, გულშიც კი ვერ ეტევა.
ჩემი უბედნიერესი წლები მაქვს გატარებული ე.წ. კინოსტუდიის სახლში, რომელიც მთავრობამ ზურიკოს ფილმ „ბაში აჩუკში“ სიმღერისთვის აჩუქა. ორი სართულით ზევით კი ნამდვილი ბაში აჩუკი — ოთარ კობერიძე ცხოვრობდა, რომლის ცნობილ სიმღერასაც ზურაბ ანჯაფარიძე ახმოვანებდა…
მოსკოვში, საელჩოში მუშაობის პერიოდში ტელევიზორში ვნახე ინტერვიუ შესანიშნავ რუს მსახიობ ოლეგ სტრიჟენოვთან, რომელმაც თქვა, რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ფილმ „პიკის ქალში“ ზურიკოს ხმით რომ მღეროდა…
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან განვიცდიდი ჩემს ქრონიკულ უხმობას და ცოტა უსმენობასაც. არ მინდოდა ბოლომდე შეგუება და მაინც ვმღეროდი. ყველაზე „წარმატებულად“ კი რატომღაც გამომდიოდა აბესალომის და მურმანის დუეტი, თანაც ორივე პარტიის ერთდროული შესრულებით…
მე ზურიკო სულ სხვადასხვანაირი მახსოვს – სევდიანიც, დარდიანიც და იუმორიანიც.
პაემანზე რომ გამომყვა პარიკიანი და შარფშემოხვეული და კავალერი რომ გამექცა… თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, სავარაუდოდ, ულამაზეს კარმენს, რუმინელ ელენ ჩერნეის ისე რომ ჩაეხუტა, დირიჟორ დიდიმ მირცხულავას მეორეჯერ მოუწია მელოდიის დაკვრა… ქუთაისში თავის იუბილეზე განუმეორებელ ირინა არხიპოვას ტორეადორზე, ანუ საკუთარ მეუღლე ვლადისლავ პიავკოზე „უარი რომ ათქმევინა“… ძალიან ბევრს რომ ვმეცადინეობდი, რათა სკოლა ოქროს მედალზე დამემთავრებინა, ასე მითხრა — რას ნერვიულობ, ფოსტის უფროსი ჩემი ძმაკაცია, ენას გამოყოფ, მარკას დააწებებ და თვეში 100 მანეთი ხელფასი გარანტირებული გექნებაო…
არადა, საოცრად ღრმა ადამიანი იყო…
ერთხელ, ძალიან გულდაწყვეტილი რომ მნახა, ასე მითხრა — ადამიანებმა სიყვარული სხვადასხვანაირი იციან, გული ნუ გეტკინებაო…
ზოგს სიყვარული შეუძლია "იქამდეო" და
ხელი ძალიან მაღლა ასწია,
ზოგს კიდევ „აქამდეო"
და ხელი ჩამოწია.
ნურასდროს ნუ მოსთხოვ
ვისაც მხოლოდ "აქამდე“ შეუძლია
"იქამდე" სიყვარულსო…
ჰოდა, აღარც ვთხოვდი, უბრალოდ, ვკავარადოსობდი…
ბოლოს კი ამ შესანიშნავად თბილისურ აივანზე თბილისს რომ ეძღვნება, კიდევ ერთ სიმღერას მოგასმენინებთ:
მე ზურიკოს ნიჭი ვერ გამომყვა, მაგრამ მას შესანიშნავი შვილები ჰყავს — ეთერ და ზურაბ ანჯაფარიძეები, რომლებიც ღირსეულად ატარებენ მის სახელს. მე კიდევ, „მინდიას“ პრემიერის დღეს დაბადებულს, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“ ლელა რომ დამარქვეს, სულ მეხუმრებოდა — რა ბედი გქონია, „კარმენის“ პრემიერაზე რომ არ დაიბადე, თორემ ხომ იქნებოდი კარმენ ჯემალის ასული ანჯაფარიძეო. ჰო, და კიდევ ერთი — ტუჩის მარცხენა მხარეს „ზურიკოს ხალი „მიკეთია“…
გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ზურიკოსავით თბილ და თბილისურ დღეს!