თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც, ტრადიციისამებრ, ეძღვნება კლასიკურ, საოპერო და საგუნდო მუსიკას, საქართველოში მეთორმეტედ გაიმართება.
კონცერტები გაიმართება 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. 2017 წელს ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო".
წელს ფესტივალი ეძღვნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.
ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" გაიხსნება გალა-კონცერტით ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ხელოვნების ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები. საღამოს სტუმარი პირველად იქნება ცნობილი იტალიელი ბანი ფრანჩესკო ელერო დ'არტენია.
ფესტივალის მუსიკალური საღამოების პროგრამაში ასევე დაგეგმილია ბელინის ოპერა "ნორმას" შესრულება (ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე) — ეს ამ ნაწარმოების საქართველოში საკონცერტო შესრულების პრემიერა იქნება. სცენაზე გამოვლენ იანო თამარ ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ზორან ტოდოროვიჩი (გერმანია), ფრანჩესკო ელერო დ"არტენია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი, დირიჟორი ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი).
კონცერტები ასევე გაიმართება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.
თელაველებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამოს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
ქუთაისის ოპერის თეატრში და ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართება კამერული ორკესტრის, "საქართველოს სიმფონიეტას" კონცერტი, სოლისტია ქეთევან ქემოკლიძე (ფორტეპიანო, აშშ).
ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ ღონისძიების ვებ-გვერდზე.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდთან ერთად. ფესტივალის სამხატვრო ხელმძრვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მრჩეველია პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ღონისძიების მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი ახალგაზრდობის ინტერესის გაზრდა.
წელს ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.