თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თბილისში ქართველი მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და პედაგოგის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება.
წელს ფესტივალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის საკონცერტო დარბაზში 31 მარტი – 2 აპრილის პერიოდში გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ის საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უკვე ტრადიციად იქცა.
„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი როგორც შემოქმედებით, ასევე შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, ემსახურება ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების პოპულარიზაციასა და მისი საგანძურის შენარჩუნებას“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიული და შემოქმედებითი კოლექტივები, ისე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქორეოგრაფიული ჟანრის სოლო-შემსრულებლები. მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად განაწილდებიან — ბავშვთა (9-13 წელი), ახალგაზრდული (14-18 წელი) და უფროსი (19-25 წელი) ასაკისა.
გამარჯვებულებს სამ ნომინაციაში — კლასიკური/ნეოკლასიკური ცეკვა, თანამედროვე ცეკვა/მოდერნი, ჯაზ-ცეკვა და ეროვნული ცეკვა — საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან დაწესებული ლაურეატის დიპლომების, სამახსოვრო პრიზებისა და სუვენირების გარდა ფესტივალის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდებიან.
ფესტივალის პროგრამაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებებიც შედის, მათ შორის — ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის დათვალიერება, სხვადასხვა მასტერ-კლასები და შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაცია და ქალაქის მერია.