თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებმა თბილისში ლატვიასთან შეხვედრა ანგარიშით 1:1 დაასრულა და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლა შეწყვიტა.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით მატჩში ლევან ბაჯელიძის აღსაზრდელებს უნდა დაემარცხებინათ ლატვია და ასევე, პარალელურ თამაშში ყაზახეთისა და ესტონეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდებოდნენ ქართველი გოგონები შესარჩევ რაუნდში.
საქართველოს ნაკრები მარიამ დანელიას ზუსტი დარტყმის შემდეგ მე-19 წუთზე დაწინაურდა. თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კარლინა მიქსონემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო შედეგიც დაადგინა.
თავის მხრივ, ყაზახეთის წარმომადგენლებმა ესტონელ ქალებზე მინიმალური გამარჯვება 1:0 მოიპოვეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და შესარჩევი რაუნდის კვალიფიკაცია მიიღეს.
ყაზახეთის გარდა, შემდეგ რაუნდში ჯგუფების ლიდერების სახით გავიდნენ ალბანეთი, ისრაელი და ფარერის კუნძულები. მათ მოლდოვაც შეუერთდა, როგორც საუკეთესო იმ გუნდებს შორის, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს.
ქალთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 2019 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აშშ-ის ნაკრებია.