საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი – VI ტურის მიმოხილვა

© Erovnuli Ligaსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik–საქართველოს" სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის VI ტურის ყველაზე საინტერესო მატჩების შესახებ გიამბობთ.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. გასული უქმეები თბილისში საკმაოდ დატვირთული იყო. საჩოგბურთო პარკ "მზიურის" კორტებზე დევისის თასის ფარგლებში ერთმანეთს საქართველოსა და ლიტვის ნაკრებები შეხვდნენ, "ახალ სპორტის სასახლეში" 2018 წლის ევროპის ფუტსალის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩები გაიმართა.

ზემოხსენებული სპორტული ღონისძიებების ფონზე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის VI ტური ოდნავ ჩრდილში დარჩა, თუმცა ზოგიერთი მატჩი სანახაობრივად საინტერესო იყო.

ორი "დინამოს" ბრძოლა

რა თქმა უნდა, საანგარიშო ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.

თუმცა თავისი კორექტივები თამაშში ამინდმა შეიტანა. მატჩის წინ გაწვიმდა და სტადიონ "ჩელე არენას" გაზონი საკმაოდ შეილახა. ფეხბურთელები მეტოქის გარდა კორდის ამოგლეჯილ ნაფლეთებსაც ებრძოდნენ. ასეთ გარემოში ლამაზ და ტექნიკურ ფეხბურთზე საუბარი ზედმეტია.

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1
საფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1

ამგვარი მძიმე თამაშის დროს ფეხბურთელებმა არც ისე ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. თუმცა უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ და ძირითადი დროის ბოლო წუთზე გოლის გატანაც შეძლეს.

ბათუმის "დინამოს" საჯარიმოში საბა ლობჟანიძე შეიჭრა და ბურთი ბექა მიქელთაძეს გადასცა, რომელიც ოთხი მცველის ალყაში იყო, მაგრამ მკერდით მაინც გაიტანა გოლი.

კახა კაჭარავას გუნდის რთულად მოპოვებულმა გამარჯვებამ თბილისის "დინამოს" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრების საშუალება მისცა.

"ლოკომოტივი" წინსვლას განაგრძობს

თბილისის "ლოკომოტივი" მაყურებელს თავისი შედეგიანობით აოცებს. უკვე მეორე ტურია, ისევ გასვლით თამაშში, "რკინიგზელები" იგებენ ანგარიშით 5:0.

შუა კვირაში მათ ასეთი ანგარიშით "კოლხეთს" მოუგეს, საანგარიშო ტურში კი — "შუქურას".

30-ე წუთისთვის ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის ზუსტი დარტყმების შემდეგ სტუმრები ანგარიშით 2:0 იგებდნენ.

"შუქურას" გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. გიორგი დევდარიანის აღსაზრდელებს ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ.

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი შუქურა (ქობულეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:5
საფეხბურთო მატჩი შუქურა (ქობულეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:5 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი შუქურა (ქობულეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:5

შეხვედრის მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ტაბლოზე ნოდარ ქავთარაძის გვარი აინთო, ბოლო ათ წუთში კი სიხარულიძემ და გავაშელიშვილმა თითო დუბლი გაიფორმეს.

ამ გამარჯვების წყალობით "ლოკომოტივი" კვლავ სატურნირო ცხრილის პირველ სტრიქონს იკავებს, სიხარულიძე და გავაშელიშვილი კი, შესაბამისად, 5 და 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირები არიან.

"დილას" რთული პერიოდი უდგას

გორის "დილა", რომელიც ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ პირველობაში კი მესამე ადგილი დაიკავა, ამჟამად ვერაფრით ძლევს კრიზისს.

საანგარიშო ტურში "დილა" საკუთარ მოედანზე "კოლხეთს" ხვდებოდა და მესამედ შეხვედრა ფრედ დაასრულა, თუმცა დამარცხებასთან ახლოს იყო.

სტუმრები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტი დარტყმით "კოლხეთის" სწრაფი კონტრშეტევა დაასრულა.

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:1
საფეხბურთო მატჩი დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:1 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:1

"დილას" ფეხბურთელებს სულ ოთხი წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ. გიორგი პაპავამ ძლიერად დაარტყა საჯარიმოდან, ბურთი ძელს მოხვდა, სალიეუ ტარავალიემ კი ბურთი კარში შეაგდო.

83-ე წუთზე "კოლხეთს" გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ჯანელიძემ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

ერთი სტრიქონით

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" კვლავ წააგო, ამჯერად ქუთაისის "ტორპედოსთან" ანგარიშით 0:2.

საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "საბურთალოს" ანგარიშით 2:1 მოუგო.

VI ტურის შედეგები:

"შუქურა" (ქობულეთი) – "ლოკომოტივი" (თბილისი) 0:5

"დილა" (გორი) – "კოლხეთი" (ფოთი) 1:1

"სამტრედია" — "ტორპედო" (ქუთაისი) 0:2

"დინამო" (ბათუმი) – "დინამო" (თბილისი) 0:1

"ჩიხურა" (საჩხერე) – "საბურთალო" (თბილისი) 2:1

ეროვნული ლიგის VII ტურის მატჩები 12 და 13 აპრილს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0