მეთევზე ჰამლეტა, შერეკილი ვერა ბებო და ხოფის ქართველი "მალიარის" პოეზია

© FB/ Jaba Kaviladzeჯაბა კავილაძე
ჯაბა კავილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თურქეთში ძალიან ბევრი ქართველია ემიგრირებული, მაგრამ იქ სამუშაოდ წასულებს შორის ჩვენი რესპონდენტის მსგავსი, ვფიქრობ, ბევრი არ იქნება. წარმოშობით ზესტაფონელი ჯაბა კავილაძე ქალაქ ხოფაში ლამის ნომერ პირველ ხელოსნად ითვლება.

მან ადგილობრივების ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ ამ ქალაქში არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულება და მნიშვნელოვანი ობიექტი მას ანდეს. თუმცა იმავე თურქეთში ალბათ არავინ იცის, რომ მათი „მალიარი", ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი არ არის, ბევრს ფიქრობს და ისეთ საინტერესო ლექსებსა და მოთხრობებს წერს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებელი მათ სულმოუთქმელად ელოდება.

– ჯაბა, გულუბრყვილობა იქნება გკითხოთ, თურქეთში როგორ მოხვდით, ნახევარი საქართველო მანდ არის. რა პროფესიის ხართ და მომიყევით, როგორ გადაღებეთ ლამის მთელი ხოფა?

— შორიდან დავიწყებ: ბავშვობიდან გრძელი და ლამაზი ხელები მქონდა. ბებიაჩემი პიანისტობას, სხვები კი მწერლობას მიწინასწარმეტყველებდნენ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, თეატრალურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს ვსწავლობდი, სოხუმის ინსტიტუტში კი იურიდიულზე, თუმცა არც ერთი არ დამიმთავრებია. იურისტობა არ მომეწონა და წამოვედი. ვერც რეჟისურის ფაკულტეტზე გადასასვლელად დავაგროვე ფული. ასე რომ, გამოდის, პროფესიით "მალიარი" ვარ. ასაკის მომატებასთან ერთად აუცილებლობა მოითხოვდა, ამ ხელებს რამე კონკრეტული საქმე ეკეთებინა — ან ბევრი ფული უნდა ეშოვნა, ან პური არსობისა მაინც. ერთხელაც გადავხტი და "ჰოპა" დავიძახე და აღმოვჩნდი თურქულ ქალაქ ხოფაში. ამ ხელებმა შეღებეს და თაბაშირ-მუყაოში ჩასვეს ხოფის თითქმის ყველა სახელწიფო დაწესებულება – შეღებეს "ლივეინ რეზიდენსი", ჩაიკურის ფაბრიკის ღობე, ოცი ათსართულიანი კორპუსი, ასორმოცდათი კერძო სახლი და ობიექტი და თხუთმეტი სასტუმრო!..

© FB/ Jaba Kaviladzeჯაბა კავილაძე
ჯაბა კავილაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა კავილაძე

– მგონი, თურქეთში ერთადერთი ქართველი "მალიარი" ხართ, ვინც ფილოსოფიურ ლექსებს წერს…

— ლექსებს ჩემთვის ვწერ, კრებული არ მაქვს, არ მცალია. დასამუშავებელია ნაწერები და ვერ ვბედავ, რადგან მკითხველს ვერ მოვატყუებ. ჩემი ფილოსოფოსობის რა მოგახსენოთ. მარადიულ კითხვაზე, თუ რა არის მთავარი ცხოვრებაში, ჩემი პასუხი ასეთია: მთავარი ბევრი რამ შეიძლება იყოს და ერთ-ერთი მაინც მოთმინება მგონია. საერთოდ ცხოვრებაში ყოველგვარი ჩარჩო და შეზღუდვა მძულს… თქვენს მკითხველს მოკრძალებულად გავაცნობ ჩემს ერთ ლექსს:

დაუშლიათ ორთქლმავალი

ნაწილ-ნაწილ – სულ!

ვინ გამიყვანს საზღვრებს იქით,

ჩარჩოები მძულს!

მესმის წვიმა,

ღამე,

ბლუზი –

წკაპ–წკაპ, წკაპ–წკუპ,

დუმც!..

გული ფეთქავს ნაწილ-ნაწილ

ნაწილ-ნაწილ დუმს!

მეძალება მწვანე ბოლი

ღრმა და ნაზი მსურს!..

გამოშიგნეს ორთქლმავალი

გადაადნეს სულ…

ბორკილები ჩამოასხეს,

ბორკილები მძულს!..

© FB/ Jaba Kaviladzeჯაბა კავილაძე
ჯაბა კავილაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა კავილაძე

– როგორ რითმავთ ცხოვრებას და ზოგადად რისი მოთმენა გიწევთ?

— ჩემი აზრით, ჩემი თაობა მუდმივ რეჟიმში ცხოვრობს – უნდა იცხოვროს ისე, როგორც მათ გადაუწყვიტეს. სწორედ ეს იწვევს ჩემში პროტესტის გრძნობას, რომელსაც მერე ვრითმავ ან პროზის სახით ვწერ. მწერლობა და პოეტობა დღეს ყველაზე რთულ საქმედ მიმაჩნია. წარმოუდგენლად მეჩვენება რაიმე წერო ისეთ ქვეყანაში, სადაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის მზად არიან გადაგიარონ. იქ სადაც სიყვარული და მიტევება ნაკლებია, ძნელია არსებობა, ძნელად მოსათმენი და აუტანელი… მიწევს იმის ატანა, რომ ვიღაც ჰალსტუხიანები ჩემ მაგივრად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ სწორედ ისინი არიან მართლები…

– როგორია თქვენი თურქული ცხოვრება, რა აღმოაჩინეთ მასში სათქვენო და საინტერესო?

— თურქული ცხოვრება ზოგადად საკმაოდ რთულია ყველასთვის, ვინც აქ მუშაობს. მე, ალბათ, ცოტა მეტად გამიმართლა, რადგან მყავს მეგობრები, ვერთობი, ვმოგზაურობ… ასე რომ, ყველგან არის ისეთი ხალხი, რომელიც მიგიღებს. აქ ერთ ბიჭს ვიცნობ, იუსუფი ჰქვია, მთელი ბინის სამ ოთახში ჩიტის გალიები აქვს და მის სახლში უამრავი ფრთოსანი ჭიკჭიკებს. თვითონაც ძალიან ჰგავს ჩიტს და უნარი აქვს, რომ ქუჩაში ნებისმიერ ჩიტს წაუსტვინოს და ხელში აიყვანოს. მას იუსუფ ბირდი დავარქვი, საოცარი ბიჭია. ასე რომ, ჯერჯერობით ვაგრძელებ აქ ცხოვრებას და როცა დავბრუნდები, ნათელი, ფერადი, ხმაურიანი და ღიმილიანი მომავლის იმედი მაქვს.

© FB/ Jaba Kaviladzeჯაბა კავილაძე
ჯაბა კავილაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა კავილაძე

 

– კითხვა, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თითქმის ყველა ქართველისთვის ნაცნობი და გასაგებია: რა გენატრებათ?

— აქ მუდმივი მონატრების რეჟიმში ვცხოვრობ. ბაბუა მშენებელი იყო, ზესტაფონში მშენებლობაზე მუშაობდა, ბუხრებსაც აშენებდა. იქ ბაბუაჩემის აშენებული ბუხრით უამრავი მარანია დამშვენებული. დედის მხრიდანაც წინაპრები ხელოვანი ხალხი ყოფილა. ბიძაჩემი მხატვარ-არქიტექტორია, ასე რომ, რომელი ბაბუის და წინაპრის რეინკარნაცია იყო ჩემში, ჯერ ვერ გავერკვიე. მენატრება ჩემი ბავშვობისდროინდელი ზესტაფონი, სადაც კოლორიტული ადამიანები იყვნენ. მართალია, მაშინ სოციალური გაჭირვება იყო, მაგრამ ხალხს ერთმანეთი უფრო მეტად უყვარდა. დღეს ქალაქი გალამაზდა, მაგრამ ის ხალხი აღარ არის, ვინც მას სხვა, სულიერ სილამაზეს ანიჭებდა. თითქმის არც ჩემი თაობა დარჩა – ზოგი თბილისშია, ზოგი ევროპაში და ზოგიც მონასტერში… მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, ქუჩა, უბანი, ანკესიანი მეთევზე ჰამლეტა, შერეკილი ვერა ბებო, ჯუბა მეხანძრე, ენვერი "მილიციელი კუკარაჩა" და ის წლები, როცა ბევრი რამ მიხაროდა… დღესაც ბევრი რამ მახარებს. წარმოუდგენელია, არ მიხაროდეს ცხოვრება, როცა მყავს პატარა შვილი, კესანე, რომელიც ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია. მინდა ყველა პატარა ლამაზ და ფერად ქვეყანაში ცხოვრობდეს, იქ, სადაც ბევრი ღიმილი და სიხარულია. მინდა როცა სამშობლოში დავბრუნდები, მხოლოდ ფასადურად გადაღებილ დიდ ჩარჩოში აღარ ვიცხოვრო…

ყველა ახალი ამბავი
0