საბრძოლო მომზადების ცენტრის ასაშენებლად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

გამოწერა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყანაში "ჰოჰენფელსის" მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის პროექტს ამბიციური უწოდა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. გერმანული ბაზა "ჰოჰენფელსის" ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე საქართველო 10 მილიონ ლარს დახარჯავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.

საბრძოლო მომზადების ცენტრი უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლების ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში აშენდება, რომელიც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის ბოლოს გააფორმეს.

საბრძოლო მომზადების ცენტრის ასაშენებლად ჩვენი მხრიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომელიც, სავარაუდოდ, ვაზიანში აშენდება. მთავრობა უახლოეს დროს ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იმ ცენტრის ანალოგი იქნება, რომელიც ევროპული სარდლობის ფარგლებში შეერთებულ შტატებს გერმანიის ტერიტორიაზე გააჩნია. ეს ძალიან ამბიციური პროექტია", — განაცხადა იზორიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფულადი სახსრების მოზიდვა ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის წყალობით მოხერხდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ 32 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სირიაზე მიტანილ იერიშს პროპორციულად მიიჩნევს

საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტია. მარტის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმის ფარგლებში აშშ ქართული მხარისთვის 60-70 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს. 2016-2019 წლების ჩარჩო-ხელშეკრულება ამ მემორანდუმის საფუძველზე გაფორმდა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. 2009 წლის ივნისში ქარტიის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0