ერიკ ტრამპი: ჩემმა დამ სირიაზე შეტევის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოახდინა

© AP Photo / Carolyn Kasterივანკა და ერიკა ტრამპები
ივანკა და ერიკა ტრამპები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერიკ ტრამპის თქმით, მამამისზე ძლიერი გავლენა მოახდინა იმ კადრებმა, რომლებიც ქიმიური შეტევის შედეგებს ასახავდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტს სარაკეტო იერიშის გადაწყვეტილება იმპულსურად არ მიუღია.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა ერიკ ტრამპმა განაცხადა, რომ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მისი დის ივანკას რეაქციამ გავლენა მოახდინა ამერიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, სარაკეტო იერიში მიეტანათ სირიაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბრიტანულ გაზეთ Telegraph-ზე დაყრდნობით, რომელსაც პრეზიდენტის ვაჟმა ინტერვიუ მისცა.

ერიკ ტრამპის თქმით, ივანკა გამწარებული და აღშფოთებული იყო სისასტიკით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

"ივანკა სამი შვილის დედაა და მას აქვს გავლენა. დარწმუნებული ვარ, იტყოდა: "მისმინე, ეს საშინელებაა". და ასეთ მომენტებში მამაჩემი აუცილებლად იწყებს მოქმედებას", — აღნიშნა ერიკ ტრამპმა.

მანამდე გაზეთი Sunday Times იუწყებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის ივანკა ტრამპის რეაქციამ, რომელიც მას იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ჰქონდა, გავლენა მოახდინა ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, მიეტანათ სარაკეტო იერიში სირიაზე.

აღსანიშნავია, რომ ჰომსის აეროდრომზე შეტევის შემდეგ ივანკა ტრამპმა დაწერა, რომ ამაყობს მამის გადაწყვეტილებით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
CBS-ის გამოკითხვა: ტრამპის რეიტინგი სირიაზე დარტყმის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

ერიკ ტრამპმა იქვე დაამატა, რომ მამამისზე ძლიერი გავლენა მოახდინა იმ კადრებმა, რომლებიც ქიმიური შეტევის შედეგებს ასახავდა. თუმცა, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტს სარაკეტო იერიშის გადაწყვეტილება იმპულსურად არ მიუღია.

"მან ყველაფერი გააანალიზა. ის პრაქტიკული ადამიანია, არ არის იმპულსური", — ასე დაახასიათა ერიკ ტრამპმა პრეზიდენტი მამა.

რაც შეეხება საკუთარ შეფასებას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე, მისი თქმით, ეს იყო საშინელება.

"ეს საშინელება იყო და მიხარია, რომ [პრეზიდენტმა ტრამპმა] ამაზე სწორედ ასეთი სახის პასუხი გასცა", — განმარტა პრეზიდენტის ვაჟმა.

7 აპრილის გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სამხედრო–საზღვაო ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით შეუტია სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე შაირათის აეროდრომს, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, განხორციელდა ქიმიური შეტევა პროვინცია იდლიბზე. პენტაგონის ცნობით, სულ შეტევაში 59 ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ჰომსის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 7 ადამიანი – 5 სამხედრო და ორიც ახლომდებარე სოფელში მცხოვრები სამოქალაქო პირი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი სირიელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა, ოთხი დაიღუპა, ხოლო ექვსმა დამწვრობა მიიღო ხანძრის ჩაქრობისას. რაც შეეხება სირიის შეიარაღებულ ძალებს, მათი განცხადებით, დაღუპულია ათი სირიელი სამხედრო მოსამსახურე.

ყველა ახალი ამბავი
0