თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. სომხურ-ქართულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში განვითარებისა და შემდგომი გაღრმავების დიდი პოტენციალი გააჩნია, განაცხადა ერევანში ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
"მოხარული ვართ გიმასპინძლოთ 1 აგვისტოს თბილისში და გვიხარია, რომ ჩვენი ვიზიტები ასეთი ხშირია. ჩვენ ერთმანეთს ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სივრცეებში ვხვდებით", — ციტირებს ჯანელიძეს Sputnik Армения.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა დონეზე — პრეზიდენტებიდან მინისტრებამდე მიმდინარე პოლიტიკური კონტაქტები. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს მხარეთა ურთიერთობების გაღრმავების მისწრაფებას.
მინისტრის თქმით, მხარეებმა შეხვედრის გარგლებში ორმხრივი დიალოგის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, ისაუბრეს ურთიერთობებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი, კულტურა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ა.შ.
"გასული წლის განმავლობაში სავაჭრო კავშირების მოცულობის ზრდა გამოიკვეთა. ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს", — განაცხადა ჯანელიძემ.
ქართველმა მინისტრმა ასევე სომხეთს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა და გულითადი მიღებისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ერევნიდან საქართველოს და სომხეთის მინისტრები "აღმოსავლური პარტნიორობის" და ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაემგზავრებიან, რომელიც ვარშავაში 12 აპრილს გაიმართება.
მიხეილ ჯანელიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 11 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის მიწვევით გაემგზავრა. პირველი ვიზიტი 2016 წლის მარტში შედგა. ვიზიტის ფარგლებში, ჯანელიძე ასევე სომხეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდება, გათვალისწინებულია შეხვედრები პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან.