ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები სხვადასხვა ქვეყანამ შეაფასა

გამოწერა
ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა რუსეთში, აშშ-ში, ევროკავშირსა და ნატოში.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო თანამეგობრობამ ცხინვალის რეგიონში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დაგმო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჟენევა - Sputnik საქართველო
საქართველომ და რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამეს

სამხრეთ ოსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი — სახელმწიფო ალანიად“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმი დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, დე-ფაქტო პრეზიდენტად დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს, რომელმაც საარჩევნო ხმების ნახევარზე მეტი დააგროვა. რეფერენდუმში მონაწილეთა 75%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიისთვის სახელის გადარქმევას.

ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე.წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაგმო.

ნატოს მოკავშირეები საქართველოს რეგიონებს — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს — დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს განცხადებას.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დაგმეს აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

ცხინვალის რეგიონში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების არალეგიტიმურობის თაობაზე ოფიციალურმა თბილისმა არაერთი განცხადება გააკეთა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ პროვოკაციულ განცხადებებსა და მოქმედებებში დაადანაშაულა.

ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაჭრასა და ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით რუსეთის ფედერაცია ცხინვალის რეგიონის დახმარებას გააგრძელებს.

მანამდე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივების განხილვას გააგრძელებს.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ.

ყველა ახალი ამბავი
0