მე მხოლოდ ფოსტალიონი ვარ, რომელსაც თქვენამდე სიმღერები მოაქვს...

© REUTERS / Robert Galbraithმუსიკოსი ბობ დილანი
მუსიკოსი ბობ დილანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ შესანიშნავ თბილისურ აივანზე ამობრძანდება ასევე შესანიშნავი მხატვარი, მწერალი და კინომსახიობი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვის მიხდვითThe Beatles-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ბობ დილანი, რომლის დებიუტი ნიუ-იორკში შედგა სწორედ ამ დღეს, 1961 წლის 11 აპრილს.

საოცარია, მაგრამ მე ამ ამბავს ვერ შევესწარი… იმავე წლის 23 ივლისს დავიბადე და იმიტომ.

ყველასთვის ცნობილი ბობ დილანი სინამდვილეში „თავიდან“ რობერტ ალენ ციმერმანი გახლდათ. თავის ავტობიოგრაფიაში ის წერს, რომ მისი ბებია თურქი იყო, გვარად ქირგიზი.

მართლა არ ვიცი, რა გვარს ატარებდა ეს საოცარი კაცი. ზოგ ისტორიულ წყაროში — ლიტველი ებრაელიაო, ამბობენ…

მაგრამ ერთი რამ ცხადია — ის ძალიან საერთაშორისო იყო, თავისი გულის ყველა კუთხე-კუნჭულით.

ბობ დილანის პირველი სიმღერა, რომელიც 12 წლის ასაკში დაწერა, თურმე, შეუდარებელ ბრიჯიტ ბარდოს ეძღვნებოდა, რომელიც ბობს ბავშვობიდან ჰყვარებია.

1977 წელს კი, როდესაც ელვის პრესლი გარდაიცვალა, ბობ დილანს ერთი კვირის განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოუღია და მხოლოდ 7 დღის შემდეგ განაცხადა, რომ ელვისთან ერთად წავიდა და გაქრა მისი ბავშვობა.

მერე კი მას ასეთი ლამაზი სიმღერა მიუძღვნა:

ბრიუს სპრინგსტინმა, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლადაა აღიარებული, ბობ დილანის როკ-ნ-როლის „დიდების დარბაზში“ შეყვანისას განაცხადა — „ბობმა გაათავისუფლა გონება, როგორც პრესლიმ გაათავისუფლა სხეული… მას გააჩნია ნიჭი — ერთ სიმღერაში მთელი მსოფლიო ჩაატიოს“.

ყველაფერთან ერთად ბობ დილანს კიდევ ერთი და მთავარი სატრაბახო აქვს — ის 9 შესანიშნავი შვილიშვილის ბაბუაა, და მისი ავტომობილის ბამპერზე მიმაგრებულია ეტიკეტი — „მსოფლიოში ყველაზე დიდებული ბაბუა“.

ისე კი, ჩვენ შორის რომ დარჩეს, ბობ დილანს 2016 წლის ნობელის პრემია განსაკუთრებით  არ უნდა გაკვირვებოდა, რადგან ჯერ კიდევ 2008 წელს პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა…

ბობ დილანის სიმღერა Knockin’ On Heaven’s Door იმ საოცარი გერმანული ფილმის სათაური და ლაიტმოტივი გახდა, ყველას ასე რომ გვიყვარს:

ბობ დილანი არასდროს არ ყვება თავის პირად ცხოვრებაზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ორი მეუღლე ჰყავდა. მისმა მეორე მეუღლემ სარა ბილანმა ბობს ოთხი შვილი გაუჩინა. ერთ-ერთი — ჯეიკობ დილანი ტრიო The Gold Mountanis Rebels-ის წევრია.

2015 წელს ბობ დილანმა გამოუშვა ალბომი Shadows in the Night, რომელშიც ფრენკ სინატრას 1950-1960-იანი წლების სიმღერები გააცოცხლა. მისი ხმის ოპერატორის ელა შმიტის მონაყოლით, დილანს უთქვამს, რომ მისი ხმა ასე ლამაზად აქამდე არასდროს არ ჟღერდა.

რაც შეეხება ბობ დილანის მხატვრობას,  სპეციალისტების შეფასებით, ის იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების ნამუშევრებს ჰგავს, მაგალითად, ვან გოგს. თავად ბობ დილანი კი კატეგორიულად აცხადებს, რომ არასდროს არ უსწავლია აკადემიებში და „ამ ბიჭებივით — დეგას, ვან გოგის და და ვინჩის მსგავსად ხატვის საშუალება რომ ჰქონოდა, შესაძლებელია, მათთან რაღაც საერთოსაც კი მონახავდა“…

ბობ დილანი ხატვაში იყენებს გუაშს და აკვარელს, პასტელს და უბრალოდ ფანქრებს.

ის ხატავს ზუსტად ისევე, როგორც მღერის…

ძალიან თავისებურად…

უბრალოდ, ბობ დილანივით…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ბობ დილანივით უცაბედად ნიჭიერ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0