ხელისუფლება გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს

გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, საქართველო სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა პირებმა ღრმა მწუხარება გამოხატეს.

გივი ბერიკაშვილი ორშაბათს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ მსახიობი საავადმყოფოში ფილტვების პრობლემებით მოათავსეს, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

"გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა", — დაწერა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ ვებ-გვერდზე.

მთავრობის მეთაურმა მსახიობს დიდი პატრიოტი და მოქალაქე უწოდა.

"გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო", — აღნიშნა პრემიერმა.

გივი ბერიკაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოიპოვა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Facebook-ში.

"ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითიც მისი შემოქმედება — ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის. ქართულ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას", — დაწერა პრეზიდენტმა.

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

საუკუნის ავტოგრაფი - გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
აღარ გვყავს ბერიკა, ანუ როცა „არ იდარდო“ დარდობს...

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. ამ თეატრების სცენაზე მსახიობმა 70-ზე მეტი დაუვიწყარი სახე შექმნა. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

"ლონდრე", "სამოთხის გვრიტები", "სიყვარული ყველას უნდა", "ღვინის ქურდები", "მარადისობის კანონი", "მზე შემოდგომისა" – ეს იმ ფილმების მცირედი ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მაყურებელმა ბატონი გივი გაიცნო და შეიყვარა.

ყველა ახალი ამბავი
0