გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

გამოწერა
ბოლო დღეებში მსახიობი კლინიკა MediClubGeorgia-ში გადიოდა მკურნალობის კურსს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ქართული მასმედია იტყობინება.

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. ამ თეატრების სცენაზე მსახიობმა 70-ზე მეტი დაუვიწყარი სახე შექმნა. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი. 

მის არაჩვეულებრივ კინოსახეებზე არაერთი თაობა გაიზარდა. "ლონდრე", "სამოთხის გვრიტები", "სიყვარული ყველას უნდა", "ღვინის ქურდები", "მარადისობის კანონი", "მზე შემოდგომისა" – ეს იმ ფილმების მცირედი ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მაყურებელმა ბატონი გივი გაიცნო და შეიყვარა. რამდენიმე თვის წინ "Sputnik–საქართველომ" გივი ბერიკაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა, რომ სურს კიდევ ბევრი ახალი წელი გაატაროს თავის საყვარელ მაყურებელთან და ახლობლებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0