საქართველოს პარლამენტის სპიკერმა პრეზიდენტს წამქეზებლობა დააბრალა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ერევა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზოგიერთი პარტიისა და ორგანიზაციის წაქეზებაში დაადანაშაულა, რათა მათ დატოვონ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი: კონსტიტუციის ვნებანი

საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტია ,,ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" შორის, რომელსაც ირაკლი კობახიძე წარმოადგენს, დაძაბული ურთიერთობები ჩამოაყალიბდა. უკანასკნელად ურთიერთობები იმ დროს გაუარესდა, როდესაც მმართველმა პარტიამ მარგველაშვილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი უთხრა და მხოლოდ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიიწვია.

„გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება — რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, — განაცხადა კობახიძემ კომისიის სხდომაზე.

პარლამენტის სპიკერმა პირობა დადო, რომ ყველაფრის მიუხედავად კომისია შეასრულებს დასახულ მიზანს და საბოლოოდ საქართველოს ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია ექნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კობახიძის ბრალდებების პასუხად აღნიშნა, რომ პრობლემა ისაა – მმართველი ძალა საზოგადოების აზრს არ ისმენს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც და ა.შ.“ — განუცხადა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს.

ამ ურთიერთბრალდებების ფონზე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ ორშაბათს საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ განაცხადა.

პარტია უკმაყოფილია მმართველი პარტიის ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ითვალისწინებს. ამაზე და სხვა საკითხებზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. 

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად. კომისიაში წარმოდგენილ უმრავლესობას მოქალაქეთა მტკიცე და ურყევი პოზიციები არ ესმის. მას გადაწყვეტილი აქვს ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში ასახოს მმართველი პარტიის და ბატონი ივანიშვილის ვიწროპოლიტიკური ინტერესები", — განაცხადა მაჭუტაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ იწყებს პარტიათაშორის მოძრაობას საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად.

73-კაციანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე კომისიის სამუშაო ჯგუფებმა თავი მოუყარეს ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე 7 ოპოზიციური პარტიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, შემდეგ კი მათ დეტალურ განხილვას შეუდგნენ.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებებს შორისაა ქვეყნის გადასვლა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შესწორებების საბოლოოს ტექსტის შემუშავების შემდეგ ისინი რეკომენდაციების მისაღებად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

კანონპროექტი პარლამენტში 30 აპრილამდე შევა. შემდეგ საკანონმდებლო ორგანო შესწორებებს საყოველთაო განხილვისთვის გამოიტანს. განხილვა ერთ თვეს გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და დაიწყება მისი კომიტეტებში გარჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0