თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიას მისცა განკარგულება, განხილოს აშშ-ის მიმართ დიპლომატიური და პოლიტიკური ზომების გატარების შესაძლებლობა იმ დარტყმის საპასუხოდ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სირიაში განახორციელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატმა ჰიშმათულა ფალაჰათფიშემ ალი ლარიჯანის რეგიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე შეტყობინება მიაწოდა.
„ამ დროისათვის ჩვენ საქმე გვაქვს შეთქმულებასთან, რომელსაც სათავე აშშ-ის მიერ სირიაზე მიტანილმა სარაკეტო იერიშმა დაუდო. რა თქმა უნდა, აშშ ობამას პრეზიდენტობის დროსაც მიმართავდა სამხედრო მოქმედებებს, მაგრამ ტრამპმა თავისი რასისტული მოქმედებებით საერთაშორისო კონვენციები დაარღვია“, — ციტირებს სააგენტო ამონარიდს პარლამენტარის შეტყობინებიდან.
ლარიჯანი დაეთანხმა ფალაჰათფიშეს მოსაზრებას შეთქმულების თაობაზე.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შაჰმანიმ განაცხადეს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოიძიებს.
7 აპრილის გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სამხედრო–საზღვაო ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით შეუტია სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე შაირათის აეროდრომს, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, განხორციელდა ქიმიური შეტევა პროვინცია იდლიბზე. პენტაგონის ცნობით, სულ შეტევაში 59 ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ჰომსის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 7 ადამიანი: 5 სამხედრო და ორიც ახლომდებარე სოფელში მცხოვრები სამოქალაქო პირი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი სირიელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა, ოთხი დაიღუპა, ხოლო ექვსმა დამწვრობა მიიღო ხანძრის ჩაქრობისას.
რაც შეეხება სირიის შეიარაღებულ ძალებს, მათი განცხადებით, დაღუპულია ათი სირიელი სამხედრო მოსამსახურე.