შესანიშნავი ბელა ახმადულინა...

© photo: Sputnik / Teytelbaum / გადასვლა მედიაბანკშიბელა ახმადულინა
ბელა ახმადულინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ორი დღეა ჩვენ დედაქალაქში გალაქტიონისებურად „ქარი ქრის… ქარი ქრის… ქარი ქრის…“ და დღეს, ამ თბილისურ „ქარობაში“ ჩვენ აივანზე მერი პოპინსივით ქოლგამომარჯვებული, ან მთლად უქოლგოდ (აბა, რაში სჭირდება) ფოთოლივით დაეშვება შესანიშნავად დახვეწილი ქალბატონი — ბელა ახმადულინა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1937 წლის 10 აპრილს ქალაქ მოსკოვში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დაბადებისას ქალბატონ ბელას ერქვა იზაბელა, რადგანაც მის ბებიას, თურმე, საოცრად უყვარდა ესპანეთი. ბელამ თავისი სახელი იზაბელადან ბელამდე შეამცირა, ხოლო ერთადერთი, ვინც მას ყოველთვის იზაბელას ეძახდა, იყო რუსი პოეტი ალექსანდრ ტვარდოვსკი.

ბელამ ლექსების წერა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, დაახლოებით 15 წლის ასაკში – პირველი შეყვარებულობები რომ „მოდიან და უიმედოდო წადიან“ ხოლმე…

1957 წელს კი შესანიშნავი ბელა ლიტერატურის ინსტიტუტიდან გარიცხეს იმისთვის, რომ მხარი არ დაუჭირა ბორის პასტერნაკის დევნას (ოფიციალური ვერსია: „ვერ ჩააბარა გამოცდა მარქსიზმ-ლენინიზმში“)…

სწორედ მაშინ მას გვერდში ამოუდგა „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვი, რომელმაც, როგორც მისი გაზეთის კორესპონდენტი, ბელა ახმადულინა შორეულ ირკუტსკში გაგზავნა.

ბელამ 22 წლის ასაკში დაწერა ლექსი, რომელიც ვიცი, ყველას გახსოვთ და რომელიც თბილისელმა მიქაელ ტარივერდიევმა სიმღერად აქცია ელდარ რიაზანოვის ფილმში „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“:

ქალბატონმა ბელამ სიყვარულიც და „ცოლობაც“ სხვანაირი იცოდა. ის ევგენი ევტუშენკოს პირველი და იური ნაგიბინის მეხუთე მეუღლე გახლდათ. ბალყარელი პოეტის კაისინ კულიევისგან ქალიშვილი — ელიზაბეტა გააჩინა. ხოლო მისი მეოთხე და ბოლო მეუღლე თეატრის მხატვარი, სკულპტორი ბორის მესერერი იყო…

ის ბელას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და, ალბათ, სულ სხვანირი, გულგადაღლილი ბელა მართლაც ბედნიერი იყო მის გვერდით… ჰყვებიან, რომ ის აგროვებდა ბელასგან რესტორნის ხელსახოცებსა და რვულის ამოხეულ ფურცლებზე ნაჩუქარ ლექსებს და ბელა უყვარდა ისეთი, როგორიც ის უბრალოდ იყო…

ბორის მესერერი იხსენებს, რომ ერთხელ 12 საათზე ის და ბელა ერთად მოსკოვის რესტორანში შესულან. ბელას შლაპა ეხურა, როგორც ყოველთვის, დახვეწილი (შლაპების კოლექცია ჰქონდა სახლში). ბორისს უთქვამს — მოდი, დღეს არაყს ნუ შევუკვეთავთ, არასწორად გაგვიგებენ, ჩაი დავლიოთო. ბელაც დაეთანხმა, თანაც სიგარეტს მოუკიდა… და უცებ მის შლაპაზე ჩამოწეულ ვუალს ცეცხლი წაეკიდა.

ოფიციანტმა, რა თქმა უნდა, ჩააქრო.

ბელამ კი წყნარად წარმოთქვა — „ტრადიციის დარღვევა მართლაც არ შეიძლება“ და

მესერერმა ძველებურად არაყი შეუკვეთა…

ბელა ახმადულინა რომ გარდაიცვალა, ბორის მესერერმა მის საფლავზე ისეთი ბელა დადგა… წელგამართული, ლექსებს რომ კითხულობს, და თქვა: „მე ბელას ასეთს ვხედავ — სიმივით დაჭიმულს. და, სავარაუდოდ, არ ვცდები, მე მას განსაკუთრებით კარგად ვიცნობდი“.

ჩვენ აივანზე დღეს მოკრძალებულად დაბრძანებული ქალბატონი ბელასთვის კი საქართველო უბრალოდ სხვა და უცხო ქვეყანა არ იყო.

„ალბათ ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო და საყვარელი სივრცე, რომელსაც ის იშვიათად სტუმრობს, მაგრამ ყოველთვის ახსოვს და ესიზმრება… ადამიანი ცხოვრობს თავის სამშობლოში, ეწევა თავის საქმიანობას, ზოგჯერ იღლება კიდევაც, მაგრამ დაძინებამდე, ეღიმება და სიბნელეში ფიქრობს — „მე როდისმე იქ ისევ ჩავალ“… — ასე წერდა ქალბატონი ბელა საქართველოზე.

Ни о чем я не жалею,

ничего я не хочу —

в золотом Свети-Цховели

ставлю бедную свечу.

ან, კიდევ, ანა კალანდაძეზე რომ წერდა, ხომ გახსოვთ…

Как мило все было, как странно.

Луна восходила, и Анна

печалилась и говорила:

— Как странно все это, как мило.

В деревьях вблизи ипподрома —

случайная сень ресторана.

Веселье людей. И природа:

луна, и деревья, и Анна.

აი, ამისთანა ქალი იყო…

სიტყვა „ძაღლს“ ცვეტაევასავით დიდი ასოებით წერდა… ყველა უპატრონო ცხოველი სახლში მიჰყავდა.

ის დაიბადა ალექსანდრ პუშკინის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე და გარდაიცვალა ლევ ტოლსტოის გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ…

შესანიშნავი ქალბატონი ბელა…

ლექსების ასე გულიანად წაკითხვა კი არასდროს და არავინ იცოდა…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ბელასავით ფაქიზ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0