თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეგატიურად აფასებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივას, რომლის თანახმად ქორწინება განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ როგორც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს და ქორწინების თაობაზე მუხლს დააკონკრეტებს. ცვლილებების შეტანის შემდეგ ოფიციალურ ქორწინებად საქართველოში აღიარებული იქნება მხოლოდ „მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი".
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული ფორმულირება ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერებას, ამიტომ ისინი „ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის" საშუალების კონსტიტუციურ გარანტიას ითხოვენ.
განცხადება შეადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), კავშირი „საფარი", „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG), „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), „იდენტობა".
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შემუშავდეს, ამის შემდეგ საყოველთაო საჯარო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები დაიწყება. ცვლილებებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს.