თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში პირველად დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდა, რომელიც მიმართული იქნება მშობიარეთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებაზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ცოცხლად შობილი ბავშვების რაოდენობა 4,5%–ით შემცირდა და 56,5%–ს გადააჭარბა. მათ შორის უფრო მეტია ბიჭი – 28,9 ათასი. ბავშვებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები და რისკების არასწორი გათვლა.
თბილისში 2017–2030 წლებში დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიისა და მოქმედების სამწლიანი გეგმის (2017–2019) პრეზენტაცია გაიმართა.
სტრატეგია სლოგანით "სიცოცხლის ჯანმრთელი დასაწყისი" შეიმუშავეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
სტრატეგიის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში დედათა და ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, ქვეყანას ევროპაში ამ მხრივ მაინც პირველი პოზიციები უკავია.
"ეს სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას 2030 წლამდე, ასევე აქვს კონკრეტული სამწლიანი მოქმედებების გეგმა. ამ ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ის ყოველ სამ წელიწადში განახლდება. სტრატეგია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება – ესაა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა, ოჯახის დაგეგმვა და ახალგაზრდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა.
მისი თქმით, ამიერიდან აწარმოებენ კლინიკურ აუდიტს, რათა გამოარკვიონ ის პრობლემები, რასაც ლეტალური შედეგი მოყვა.
რაც შეეხება ოჯახის დაგეგმვას, ბერძულმა აღნიშნა, რომ ამაღლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების კონტრაცეპციასთან ხელმისაწვდომობა.
"პირველ ეტაპზე კონტრაცეპტივები ხელმისაწვდომი ქნება მათთვის, ვისაც მისი შეძენა ყველაზე მეტად უჭირს, რადგან, რაოდენ იაფიც არ უნდა ღირდეს ისინი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისტვის ისინი მაინც მიუწვდომელია", – განაცხადა ბერძულმა.
საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.
ექიმების განცხადებით, ეს სტრატეგია ბევრად ადრე უნდა მიეღოთ, რადგან საქართველოში აბორტი საკმაოდ დიდი რაოდენებით კეთდება.
"ეს რამდენადმე დაგვიანებული მოქმედებაა. ეს ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, რადგან არასასურველი ორსულობის შემთხვევების რაოდენობა დიდია. კონტრაცეპცია მოზარდებს შორის და მთლიანობაში, განათლება ბავშვის დაბადებაზე ძალიან დაბალ დონეზეა, ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს. განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება გადაარჩენს ამ პროცესს", – განაცხადა პროფესორმა, პედიატრმა ქეთევან ნემსაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები; პარლამენტის წევრები, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჯი, გაეროს სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები.