თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თურქეთის პოლიციამ „სარფის“ საბაჟო–გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქესა და პოლიციელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სახალხო დამცველის წარმომადგენლის სალომე ქათამიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პოლიციელის თანამშრომლის ცემის შესახებ. როგორც თურქული მხარე ამტკიცებს, საქართველოს მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რასაც მოქალაქე უარყოფს. ქათამიძემ ის თურქეთში მოინახულა.
„ის (საქართველოს მოქალაქე) თავდაპირველად ხოფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან გვითხრა, რომ ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტს და ის ნასვამი არ ყოფილა. მის სახეზე ცემის კვალი აღინიშნება. გუშინ საღამოს საავადმყოფოდან გამოწერეს. ამჟამად ის თურქეთში იმყოფება, სარფის სასტუმროში და ქვეყნის დატოვება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებამდე არ შეუძლია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პოლიციელის ცემის ფაქტზე“, – განაცხადა ქათამიძემ.
სასტუმროში საქართველოს მოქალაქესთან ერთად იმყოფება ასევე თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი. ჯერჯერობით უცნობია, წარუდგინეს თუ არა მას ბრალი, აღნიშნა ქათამიძემ.