თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თურქეთში დააკავეს თურქი პოლიციელი და საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პარასკევს, გამთენიისას საბაჟო-საკონტროლო პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი მესაზღვრესთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გახდა. თურქული მხარის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული ვართ. საკონსულო ჩართულია პროცესში, რათა საქართველოს მოქალაქის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. საკონსულოს თანამშრომლებმა უკვე მოინახულეს ის. თურქი სამართალდამცველების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე საზღვრის გადალახვას არაფხიზელ მდგომარეობაში აპირებდა, რასაც მესაზღვრესთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე თურქ მესაზღვრეს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, შემდეგ ისინი დაიკითხებიან, განაცხადეს საგარეო უწყებაში.